Jerald Newman

Archive for January, 2010|Monthly archive page

ჯერალდ ნიუმანი, ლოლა ლინი – ქაოსი ორში და პაჩი

In Uncategorized on January 31, 2010 at 7:06 pm


საწოლი აღარ ჭრიალებდა…
კიდეზე ჩამომჯდარმა კაცმა არ იცოდა რა ექნა…
“მე ვარ მომავალი,მე ვარ წარსული და მე ვარ ბედნიერება,
წუთიდან წუთამდე, დღიდან დღემდე” – კითხულობდა ქაღალდზე გაკეთებულ წარწერას.

მაგვიანდება – წუხს ქალი.
ყელსაბამს ვერ პოულობს…
ის დაგვიანებას ვერ მოიშლის,ჰანსი ყელსაბამის დამალვას…
ეძებს, პოულობს იქ სადაც მისი ადგილია…
(ლამაზი ყელი აქვს).
“აი,სად ყოფილა”

ეს მანამდე იყო..

დღეს უკვე ჰანსი მიდის

ჩემოდნის ელვა მხოლოდ ნახევრადაა გახსნილი (და არა შეკრული), იქედან გადმოცვენილი ნივთები დერეფანში ყრია…
სცენარები,წერილები,ფეხსაცმელები…
ან რა აზრი აქვს ჩალაგებას?
ყველაფერი მაინც თავიდან დაიწყება.
(ჰანსს წესრიგი უყვარს,მაგრამ ორი ადამიანი ერთად, უკვე ქაოსია)

სარას ლამაზი თმა აქვს ( ზუსტად ისეთი, ჰანსს რომ მოსწონს)

“შენი მეგობარი ძალიან ლამაზია ჰანს”,-ეუბნება თვითმფრინავში მჯდომი კოლეგა და ჩარჩოში ჩასმულ სურათს უბრუნებს.

-სარა? ხო, სარა ლამაზია…
გრძელი ფეხები აქვს და ისეთი დაბნეულია როგორც “გეტრზე” წასული თვალი.
საინტერესოდ იკოცნება, ხანდახან იკბინება, მაგრამ მაინც ტკბილია…
ხალი აქვს…
ბევრს ეწევა და ბევრ ყავას სვამს, ღამე საერთოდ არ სძინავს,ან ვინ დააძინებს…
ძნელია მისი გაგება, მაგრამ თუ გაუგე ყველაზე მაგარი ქერაა
მსოფლიოში..

სარა სავარძელში ზის კითხულობს, ხანდახან ტელევიზორს გახედავს, ზოგჯერ ჩაფიქრდება, ახსენდება ჰანსთან გატარებული დღეები, ღიმილი არ შორდება სახიდან.
ჩვენ მხიარულად ვცხოვრობთ…
კარის მეზობელი სულ გვითვალთვალებს…
მოხუცია და რა ქნას…

ჰანსი ქინძისთავს იღებს, კაბაზე უმაგრებს
-იცი ეს ქინძისთავი სულაც არ არის ბურგუნდიული ღვინის ფერი
-უბრალოდ ღვინისფერია?
-ხო,ეს ფერი გშვენის …
(ისე იდებს ლოყაზე ხელს, როგორც ყოველთვის)
ხანდახან მიწაც ღვინისფერია და დახუჭული ქუთუთოებიდან დანახული დღეც.

ჰანსის მოწერილი შეტყობინება:
“ქუთუთოებიდან დანახული დღე?
საბნიდან დანახული  ნათურა როგორია?
იქნებ ზემოდან გრჩევნია ვაშლის გათლა?
სამსახურში ისე წახვედი საცვალი არ ჩაიცვი, ფაქსით გამოგიგზავნე და მოვიდა?
როცა არ მეძინება თვალებზე შენს ბიუსტების შემკავებელს ვიფარებ, მერე სიზმარშიც არ მასვენებ…
დიდი შრომა მიწევს, ბედნიერი შრომა”….

სარა ოთახში  დადის, მოუსვენრად და უმიზნოდ…
ხანდახან ნათურები გვბეზრდება, შუქი ყოველთვის არ არის სინათლე…
ვაშლის ნაფცქვენების წაღებაც უკვე ისწავლა პაჩიმ (ჰანსის ძაღლი)…
ის სულელია და მეტისმეტად ჭკვიანი თვალები აქვს…

ჰანსი, ის  სარასთან მიდის და ამბობს:
“როგორ მაგონებ იმ ზაფხულს სარა. შენი თმა, ის ჯერ კიდევ წითელი იყო. ძაღლი სულ დამავიწყდა, ვეღარ იძინებს საწყალი…
ჩვენი ყურებით ისეა გატაცებული და ატაცებული კატების დევნის თავიც არ აქვს”..

ჩამოვალ პარასკევს….
ჰანსი

შენი თვითმფრინავი უკვე ცაშია,მე აღარ ვაგვიანებ,ყელსაბამსაც არ ვიხსნი…
ხან ქოლგა არ მომწონს,ხან ჩემი კაბის ფერი, ხან ამინდი, მაგრამ შენ…
სანამ აეროპორტში წამოვალ ლარნაკი უნდა გავრეცხო…
მიყვარს ღამით ჩამოცვენილი ფოთლების აკრეფა…

ჩემს სულელ პაჩის ვერ ვაჩერებ.
შენი თვითმფრინავი უკვე მიწაზეა.

-მე და შენ სულ ერთად ვიქნებით
-ჰანს პაჩი?
-ხო, პაჩიც სარა, პაჩიც..

05.12.2009 21:23:14

Advertisements

ლოლა ლინი – მზე

In Uncategorized on January 26, 2010 at 11:58 pm


                

        ხანდახან თვითონაც არ სჯეროდა,რომ ტყის განაპირას მდგარ ამ ქოხში მას აქეთ ცხოვრობდა, რაც ღმერთმა ცაში სანთელი დაანთო, რომელსაც ხალხმა ვარსკვლავი დაარქვა.

ახლა ამ ვარსკვლავებს ეშმაკიც ვერ დაითვლის…
-ხვალ მზე შენ უნდა ამოაგორო,შენი ჯერია, – სარკმელზე მიუკაკუნებდნენ ხოლმე.
ბოლოს აღარც აკითხავდნენ, ალბათ დაივიწყეს.
სახლამდე მიმავალი ბილიკიც მატიტელამ დაფარა.
ზამთრის ქარებს თოვლის ნამქერი, თითქმის საკვამურამდე აეკოკოლავებინა.
ქოხში ფერმკრთალ,  უძილო ვარსკვლავთა შუქი იღვრებოდა.
დრო ფრთებს ოდნავ არხევდა, შემდეგ  ჩერდებოდა, იყინებოდა.
შუაღამისას საკვამურში იქაური ჯადოქარი ხტებოდა- ბებერი, გონჯი დედაკაცი, სძულდა  ეშმაკს, რადგან ბებრუცუნა  ქაჩალ გორაზე ყურმოკრულ ამბებს, წამდაუწუმ გაიძახოდა, ქოხში ქარივით დაჰქროდა და აბლაბუდებს ფლეთდა. ახალშობილი, ვარდისფერთითება მზე კი უმისოდაც ამოდიოდა.
                  სანამ ეშმაკი წისქვილს მიაშურებდა და ბორბალს აამუშავებდა. ღარში მობუყბუყე წყალი თევზებს აფრთხობდა.დოლაბის ქვასავით მრგვალი, თეთრი მთვარე თავს ადგა უძრავ დედამიწას და ნება-ნება ირწევოდა.
,, მზის სხივი ხომ მხოლოდ მიმზიდველი ტალღაა,რომელსაც უცილოდ დაახრჩობს წყვდიადი,-ფიქრობდა ეშმაკი.- მაშ, რა აზრი აქვს თავგანწირვას, ცაში ატანას, თუკი  რამდენიმე საათში უკანვე ჩამოგორდება?   ამ ბრიყვებს  ჯერაც ეიმედებათ,სამყაროს ხელახლა შევქმნითო.
მართლაც,  სიბრძნის მარცვალს ვერ იპოვი დედამიწაზე…”
თამბაქოს სუნით რეტდასხმული ქარიყლაპიები,მდინარეში ხტებოდნენ.
მომწვანო ფერის კიბოები ფაცხაფუცხით ამოდიოდნენ თეთრ ქვიშაზე.

ერთხელ ეშმაკი ჭექა-ქუხილმა გამოაღვიძა. გარეთ ისეთი გრუხუნი ისმოდა,თითქოს ვიღაც,  ვეება ლოდებს აგორებდა.
,,ბერიკაცი ისევ აბუზღუნდა,-ჩაილაპარაკა ეშმაკმა.-ალბათ ვინმე ჩვენიანმა გააცეცხლა, ან დათვრა…
   სარკმლის მიღმა კი კოკისპირულად ასხამდა წვიმა,  ეშმაკმა გამხმარი ტირიფის ქვეშ შეყუჟული ცოლ-ქმარი დალანდა. კაცი მობუზული იდგა, ქალი ორსულად იყო, ხელები მუცელზე ეწყო და ხეს ეკვროდა, ეშმაკმა თვალები დახუჭა, მაგრამ მაინც ხედავდა ორსულ ქალს.  დაიხარა და მუცელივით მრგვალ დედამიწას შეეხო, იქაც  ფეთქავდა რაღაც, ტრიალებდა,სინათლისაკენ მიილტვოდა.

,,დედამიწაც ფეხმძიდედაა,-გაიფიქრა ეშმაკმა,-ნამდვილად ფეხმძიმედაა… ასეთ ავდარში გამხმარ ტირიფს ბრიყვი თუ შეეფარება”
რაღაცა ძალამ სარკმელი გამოაღებინა,  ცის ოხვრისა და წვიმის ბუტბუტუსთვის რომ ეჯობნა,ხმამაღლა დაიყვირა:
-ეი,ადამიანო! ვინ გასწავლა, ასეთ ამინდში თავი გამხმარ ტირიფს შეაფარეო?!
-მაშ რა ვქნა?-პირქუშად მიუგო კაცმა და ზურგი შეაქცია.
-რა ქნა და…შემოდი,-წუთის შემდეგ უპასუხა ეშმაკმა,რომელსაც ქალის მუცლისათვის თვალი ვერ მოეწყვიტა.-სანამ გამოიდარებდეს…
ის იყო სტუმრები ქოხში შევიდნენ,რომ უეცრად ქალს სახე ტკივილმა დაუმანჭა, წელზე ხელები იტაცა და ზღურბლზე ჩამოჯდა.
-დაეწყო!-შესძახა კაცმა და ცოლს ხელი შეაშველა.ისედაც დაზაფრული ახლა უფრო დაბნეულიყო.
,,რა ხმაურიანები არიან ადამიანები”-გაიფიქრა ეშმაკმა-,,რაც უნდათ ის ქნან” ჩაილაპარაკა და წინკარში გავიდა..
უეცრად ღამეული ხმები  შემზარავმა კივილმა ჩაახშო.
,,ასე ალბათ ჯოჯოხეთში ჩაყრილი ცოდვილებიც კი არ ყვირიან”  გაუელვა ეშმაკს,თვალი შეავლო ქალის გაოფლილ,გაყვითლებულ პირისახეს, დაკვნეტილ ტუჩებს,თმაში ჩაფრენილ დაკრუნჩხულ თითებს და უნებურად იგრძნო მეტს ვეღარ გაუძლებდა, თითქოს სადაცაა მას უნდა ემშობიარა.ანაზდად საკვამურში რაღაც გაჩხაკუნდა, ქოხში ეშმაკის ძველი ნაცნობი ბებრუხუნა გაჩნდა.
-როდესმე ქალი თუ მოგილოგინებია?-გახსნა ეშმაკმა გამშრალი ტუჩები.
-როგორ არა, ოღონდ დიდი ხნის წინათ, ახალგაზრდობაში,-აქაქანდა ბებრუხუნა-გგონია, მუდამ ასეთი საქვიშარი ვიყავი?ოდესღაც მთელი სოფელი…
-თუ რამე იცი,დააყენე საშველი,-გააწყვეტინა ეშმაკმა,თან ქალს გახედა.
განცვიფრებული, გაგულკეთილებული ბებრუხანა ქალთან მივიდა.მუცელზე ხელები დაადო,მერე სახელოები აიკაპიწა და ქალიც გაყუჩდა.
,,დედამიწასაც სტკივა,როცა მშობიარობს”-ფიქრობდა ეშმაკი და,ტანჯვისა და ტკივილის მიუხედავად,მშობიარე დედამიწის სიხარულსაც ცხადად გრძნობდა ახლა.

თეთრ ჭინჭებში გახვეული ციდა არსება,სანთელივით მშვიდად სუნთქავდა.ისეთი პაწაწკინტელა და უსუსური იყო ღიმილს ვერ იკავებდა ეშმაკი.
,,ნუთუ ამის გამო ღირდა ამდენი ტანჯვა?რა უგუნურები არიან ადამიანები…”-ახლაც ჩვეულებისამებრ უნდოდა გაეფიქრა.
მაგრამ ახლა სულ სხვა აზრი ჰქონდა.
,,დრო,წამი,ერთი ტალღა…თბილი ყოფილა”,-ეშმაკმა მზერა მძინარე და დედის ბედნიერი სახისკენ გადაიტანა და მიხვდა,რომ ათასობით,მილიონობით მილიარდობით ისეთივე ციდა არსება,დედამიწიდან სინათლისკენ მიილტვის.
,,რამდენი არიან და ყველას მზე სწყურია,ყველა ელის,რომ გამთენიისას მზეს ცაზე ვიღაც ამოაგორებს.”
მუხლები უკანკალებდა თითქოს,სევდანარევმა შიშმა  ყელში წაუჭირა.
თითქოს ის ელვა დაენახოს,ბერიკაცი მის ტირიფს რომ უმიზნებდა.
გარეთ გამოვიდა.ცა უზადო იყო,თეთრ დუმფარებს ჰგავდა ვარსკვლავები. აღარც წყალს აჩნდა მუქი ჭავლები.
,,ნუთუ გზა ამებნა”?_შეწუხდა ეშმაკი.აგერ,ათასი წელი მაინც იყო წისქვილს იქით ფეხი არ გაედგა.ანაზდად ჰორიზონტთან თვალი ჰკიდა სოსანისფერ ციაგს,თითქოს იქ ბროწეულის მწიფე ნაყოფი ეკიდა.ციაგი თანდათან ძალას იკრებდა,დედამიწის კიდეს წითლად ფერავდა.ერთბაშად დათბა. საკვირველია,მაგრამ ეშმაკს შიშიც არ გაჰკარებია,მაშინაც კი,როცა გაიფიქრა სადაცაა მზესთან პირისპირ დავრჩებიო.აღარსად იყო უწინდელი ეჭვი,აღარც შებინდებისას უფსკრულისფერ ბინდში გახვეული ბურთი აღარ იყო დედამიწა, ახლა მილიონხელა ეშმაკი,დაუნანებლად,მთელი არსებით მიილტვოდა სინათლისკენ. ,,აი სიცოცხლის უმაღლესი აზრი,_უკანასკნელად გაიფიქრა ეშმაკმა_მე კი მეგონა,რომ მზეს ხვალ ამომგორებელი არ ეყოლება მეთქი.
იცოდა ბერიკაცმა,რა როგორ იყო,როცა სამყაროს შექმნას ხელი მოჰკიდა.”

დადუ დადონი – ბოლო კადრები როზმარი ბატსონის ცხოვრებიდან

In Uncategorized on January 25, 2010 at 8:15 pm

“All the lonely people, where do they all come from, All the lonely people, where do they all belong”.       –

The Beatles

         ჩვეულებრივად გათენდა 905 S Pollard Street-ზე, სადაც როზმარი ბატსონი მარტო ცხოვრობს ორსართულიან სახლში.
 ქვრივია. ქმარი ოცდაათი წლის წინ გარდაეცვალა და ამბობენ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ კაცი აღარც ჰყოლია, თუმცა, ვინ იცის. ძაძებით მოსილი ქალია. არც ისე მშვიდად იღვიძებს დილით დასრესილ საწოლში. არითმია აქვს. ხელმარჯვნივ, ტუმბოზე უამრავი წამალი უწყვია ჭიქა წყლით (მთელი ღამით ნადგომ წყალს პატარა ბურთულები ადგას ჭიქის ნაპირებზე).
        ამ დილითაც ჩვეულებრივ იღვიძებს. თვალებს ახელს, რაიმე საშინელი სიზმარი თუ ნახა კვლავაც. ხელის ფათურით იღებს ჭიქას და საჭირო წამლებს ეძებს. ბალიშების მეშვეობით ზემოთ იწევა და დანაოჭებული თითებით აბებს ღრმად იტენის ხახაში, რომ სულმოუთქმელად გადაყლაპოს.  ჭიქას ადგილზე აბრუნებს. თავს უკან აგდებს და თვალებს რაც შეიძლება მაგრად ხუჭავს, -ღრმა ამოსუნთქვით.
         კედლისკენ ძილი არასდროს ყვარებია, მაგრამ, რაც ქმარი მოუკვდა მას შემდეგ MR. ბატსონის ადგილზე სძინავს. ამბობდნენ ძალიან უყვარდათ ერთმანეთიო, შვილი კი ვერა და ვერ შეეძინათ. ახალგაზრდა როზმარი ლამაზი არა, მაგრამ მიმზიდველი ქალი ყოფილა. არ ვიცი მიმზიდველს რას ეძახდნენ მის ახალგაზრდობაში ან მისი თაობის ადამიანები, მაგრამ ახლა მიმზიდველის არაფერი ცხია; 15-20 წუთი წევს გაუნძრევლად, წამლების დალევის შემდეგ. გეგონება მიიცვალაო. ფერმკრთალი სახე აქვს და ჩავარდნილი, ცისფერი თვალები, რომლებიც ასაკთან ერთად სულ უფრო გაუღიავდა. ტუჩები აღარც ეტყობა, ნაოჭებმა სულ დაუღარა ცხვირიდან- ნიკაპამდე, ფერიც წაართვა. 15-20 წუთი გადის. წამლებიც მოქმედებენ. როზმარიც ნელ-ნელა დგება. ოქროსთავიან ჯოხს ხელს აჭდობს და დაკუჭულ ფეხებს ფუმფულა ჩუსტებში აცურებს. მთელი ძვლებით ეყრდნობა ჯოხს, წამოდგომის შემდეგ მცირე ხნით კვლავ ჩერდება (როგორც ჩანს, თავბრუსხვევა აწუხებს).
       აუჩქარებლად, ნელი ტემპით საპირფარეშოში გადის. ხელ-პირს იბანს. მცირე ხანში კვლავ ოთახში ბრუნდება და სარკესთან ეშვება. ერთხანს უხმოდ უყურებს საკუთარ გამქრალ ნაკვთებს, თვალებში უყურებს საკუთარ ორეულს და არც კი სუნთქავს. შემდეგ მზერა MR. ბატსონის და თავის ფოტოზე გადააქვს და წყლიანი თვალებით იწყებს ყოველდღიურ ტუალეტს: ჯერ დიდი რაოდენობით კრემს იზელს ჩამორეცხილ ლოყებზე. თეთრი მასა ნაოჭსა და ნაოჭს შორის რჩება. მათ გასანეიტრალებლად მონდომებით შლის და კეცავს ღაწვებს ხელისგულებით. ახლა დიდ ფლაკონს ხსნის, სადაც სურნელოვანი თეთრი პუდრა აქვს. თვალებს ხუჭავს, ტუჩებს კუმავს და მთელ სახეზე, უხვად იცლის ჰაეროვან მასას. (ისედაც გაფერმკრთალებული ქალი მიცვალებულს ემსგავსება სრულებით) თვალებს ახელს, ტუჩებს ადუნებს და სახეზე ღიმილი ეფინება, თითქოს გაახალგაზრდავდაო, (ალბათ ასე ეჩვენება). ხელის გულებს ერთხელ კიდევ ისვამს სახეზე და შემდეგ ერთიანად სულს უბერავს მაგიდას. ახლა ბოლო შტრიხებიღა დარჩა: წითელი პომადა და საყვარელი სუნამო, რომელიც აგერ უკვე 20 წელი იქნება არ გამოუცვლია. ტუჩებს მცირედი ფერი ეძლევა და როზმარი ბატსონიც კმაყოფილია. დილის ტუალეტი დასრულებულია. მაჯებზეც საყვარელი სუნამოს არომატი აქვს, რომელიც უფრო წლებში გამჯდარ სუნს გაგონებს ამ ადამიანის სახით, სუნამოს სასიამოვნო ეფექტამდე თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი უკლია… როზმარი დგება და კარადასთან მიდის, რომელიც სავსეა წლების მანძილზე ნაგროვები შავი კაბებით. ერთი შეხედვით, თითქოს ყველა ერთნაირია: გრძელი, დახურული, შავი, მაგრამ თუკი უკეთ დააკვირდები შეამჩნევ, ზოგი ყვავილებით არის გაწყობილი, ზოგი ნაქარგებით, ზოგს მძივები აყრია. ერთ-ერთ კაბას ირჩევს კარადიდან და საწოლზე აფენს აკურატულად. შემდეგ ღამის პერანგს იხდის ნაზად, რათა სახე არ შეახოს. ლამაზად კეცავს და ბალიშის გვერდით დებს. იღებს შავ ჩულქებს, გაცრეცილ, შავ ლიფს და თავის დამჭკნარ მკერდს შიგ ათავსებს. ბოლო-ბოლო კაბის ჩაცმაზეც გადადის და დიდი სიფრთხილით ყოფს თავს საყელოში (რათა არ დასვაროს). შემდეგ უკანა ღილების შეკვრას იწყებს. საგრძნობლად უჭირს. განსაკუთრებით წელს ზემოთ, ხერხემალთან, მაგრამ მაინც ბოლომდე მიყვება. ახლა დაბალქუსლიანი ლაქის ფეხსაცმელები გამოაქვს საწოლის სიღრმიდან და მშვიდად კრავს გადასაბნევს ორივე ტერფზე. შემდგომ დგება, გასაღებს იღებს, ოთახიდან გადის და კარს კეტავს. მეორე სართულიდან კიბეებზე ჩადის ჯოხით ხელში (დიდი სიფრთხილით). რა ხანია სურს საძინებლის პირველ სართულზე გადმოტანა, მაგრამ ვერ ელევა თავის ოთახს. ბოლო საფეხურსაც ჩადის და ვინ იცის, გულში უხარია, რომ არც დღეს დაგორდა კიბეებზე და კვლავ ცოცხალია.
         კართან მდგომი საკიდიდან შავ შლიაპას, შავ ქოლგას და შავ ჩანთას იღებს და მშვიდად გადის სახლიდან. ჯერ გზად, Pollard Street-ის 901-ში საფუნთუშეში ისაუზმებს ჩვეულებისამებრ და შემდეგ ბიბლიოთეკაში წავა.- დილიდან სურს ჯეინ ეარის უკვე მე-12დ გადაკითხვა. სახლში ვერ კითხულობს, ბიბლიოთეკაში სხვა გარემოა. აუღელვებლად მიაბიჯებს ნისლიან დილით, ქოლგით ხელში… როზმარი ბატსონი ისევე მშვიდად მიიცვალა ბიბლიოთეკის სკამზე, როგორ მშვიდადაც ამ ყველაფრისთვის მთელი დილა ემზადებოდა. იგი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დასაფლავებაზე ზუსტად ხუთი ადამიანი მივიდა: მამაო -გრეგორი, მეფუნთუშე -გორდონ ბაკლი, ბიბლიოთეკარი- შერი როჯერსი, მისი მეზობელი -ჯოანა პრესკოტი და მომვლელი ქალი- ლუსი. არავის უტირია, მშვიდად წავიდა ამ ცხოვრებიდან. უკვე აღარავის ახსოვს 905 S Pollard Street-ზე მცხოვრები ქვრივი,- როზმარი ბატსონი.

დადუ დადონი – გაკვეთილი

In Uncategorized on January 21, 2010 at 10:20 pm

        ერთ საღამოს დრო შინ გვიან დაბრუნდა. წამი მოიხადა- საკიდზე მიაგდო, წუთი გაიხადა, დღეები საწოლთან მიყარა, საათი, კვირა, თვე და წელიწადი რიგ-რიგობით გადაკიდა სკამზე და საუკუნის ამარა საწოლში შეწვა. შეწვა და ღრმა ძილით ჩაეძინა. დრო დაიღალა. დრო გაჩერდა, დრომ დაიძინა…
. . . ფართო საკლასო ოთახში წელში მოხრილი, დაბერებულ-დანაოჭებული, ათასგვარ ძონძით შეფუთული შემოვიდა. ხელში ჟურნალი ეჭირა და ტაატით მიაბიჯებდა თავისი მაგიდისკენ. მოწაფეები ფეხზე წამოდგნენ.
-დასხედით!
 მერხებისა და სკამების თანადროულმა ჭრიალმა ყურთასმენა წაიღო. შემდეგ ისევ ჩაწყნარდა ყველაფერი.
          მასწავლებელმა ჟურნალი გადაშალა, სათვალე მოიმარჯვა და სიის ამოკითხვას შეუდგა:
-აბაშიძე მიხეილ.
-ვარ.
         მერხი კვლავ გაჭრილდა და მეორე რიგის ბოლოდან ახმახი მამაკაცი წამოდგა.
 -ხარ თორე შენც ახლა, წინა კვირის ორიანი გაქვს გამოსასწორებელი, გახსოვს?
 -კი, მახსოვს, კი- თავი ჩაღუნა მიშამ.
-მერე აკეთებ რამეს ამისთვის?
-ვცდილობ პატივცემულო.
 -მეტად ეცადე, გავიდა ცხოვრება. დაჯექი… ბექაური მაკა!
 -გახლავართ- პირველივე მერხიდან მერცხალივით წამოფრთხიალდა ახალგაზრდა გოგონა.
-მაკა, მაკა, მაკაააა…- ჩააშტერდა ჟურნალს სათვალიდან მასწავლებელი- შენ ყველაფერი რიგზე გაქვს, ჯერჯერობით, თუმცა ხომ იცი თითო წიხლი მაინც ყველას ხვდება.
 -ვიცი პატივცემულო.
-ასე რომ მზად უნდა იყო, ჭკვიანი გოგონა ხარ შენ, დაჯექი.
მაკას შექება ეამა და მკვირცხლად ჩამოჯდა.
 -გაბისონია მაყვალა. მოულოდნელად საკლასო ოთახის ბოლოდან მოსწავლე ნოდარ ტატიშვილმა აიწია ხელი.
-გისმენ ნოდარ…
 -შეიძლება რაღაც მოგახსენოთ?
-ბრძანეთ!
ნოდარი მერხის რიგებიდან გამოძვრა და მასწავლებელს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მასწავლებელი ჯერ შეცბა, შემდეგ კი იგივე გამომეტყველება მიიღო და ჩაილაპარაკა: -ისე დრო კი იყო, მაინც აღარაფერი ეშველებოდა. ასაკი შემახსენე მისი?.. -ოთხმოცდახუთი.
 -კარგი ნოდარ, თავისუფალი ხარ,- მასწავლებელმა ჟურნალში კალმით რაღაც გადახაზა და განაგრძო
– მიქელაძე დავით.
-ვარ.
-დაბრძანდი.
– დავით თქვენ დღეს ტესტი გაქვთ დასაწერი.
 -ტესტი?- შეჰკადრა დათომ. მასწავლებელი გააოცა მოსწავლის შეპასუხებამ და უმალ სათვალე მოიხსნა.
 -რამე გაურკვევლად გამოვთქვი ბატონო დავით? ორმოცდაორი წელია არაფერი დაგიწერიათ, მერე მოდიხართ და ჩემთან ჩივით. გამომართვით ტესტი!- სქელი თაბახის დასტა გაუწოდა. დავითმა მორჩილად გამოართვა, ადგილს დაუბრუნდა და წერას შეუდგა.
 -ნებიერიძე გიორგი.
-ვაააარ მას, – მესამე რიგის მეოთხე მერხიდან ზანტად წამოიზლაზნა ბეჭებში მოხრილი ახალგაზრდა თვალების სრესვით.
 -ვაი შენს პატრონს, გამოდი დაფასთან! გიორგი ასევე ზანტად და სახის სრესვით გაემართა დაფისკენ, თან თავისთვის ლუღლუღებდა: “აუ, ისევ მეე მას”…
 -გამოადგი ფეხი!-
დაუბრიალა თვალები მასწავლებელმა. გიორგი დაფასთან დადგა. -დაიწყე!- ბრძანებით მიმართა.
-აუ მას, კარგით რააა…-დაიწუწუნა გიომ.
-დაიწყე!-მწარედ გამოსცრა კბილებში მასწავლებელმა და მაგიდას “ლინეიკა” გადაუჭირა. გიორგიმ ამოისუნთქა და დაიწყო: -…დღესაც ვეჩხუბე დედას, მამას ვაგინე და სახლიდან გამოვიქეცი. მერე ძმაკაცებმა ისევ გავიკეთეთ, როგორც გუშინ და მას ახლა ისეთ კაიფში ვარ, სულ რომ თავით ჩამომკიდოთ, ვერაფერს გავიგებ…
-მაშ ვერ გაიგებ არა?!. აბა დავიწყოთ! თუთბერიძე პირველი ხარ, გამოდი.
-მას მეეე?- შეშინებული წამოდგა სკამიდან ჩვიდმეტიოდე წლის ლამაზი გოგონა.
-ჰო, შენ, უკვე დროა მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირო.
გოგონა დამორჩილდა.გამოვიდა,გიორგის წინ დადგა, თვალებში ჩახედა, ტუჩები უცნაურად მოკუმა, ააცმაცუნა და მთელი ძალით სახეში შეაფურთხა. გიომ თვალები დახუჭა და ზიზღით ჩამოიწმინდა ნერწყვი ცხვირ-პირიდან.
 -შემდეგი!- სახაზავი დაარტყა მაგიდას მასწავლებელმა.
-ჩაჩავა, გამოდი! ოცდახუთიოდე წლის გელა მერხიდან წამოდგა, სწრაფად მიეჭრა გიორგის და მუცელში მუშტი უთავაზა.
-შემდეგი, სწრაფად! ამდენი დრო არ მაქვს, ქოქოსაძე!
 დათო პანღურით შემოიფარგლა. თამომ- “შეგარცხვინე!” გიგამ- წიხლი. სალიმ- ფურთხი. ოთომ- “არაკაცი” თაზომ- წკიპურტი. ნათიამ- “უსირხვილო” ასე დაიარა კლასმა და ყველამ თავისი უთხრა გიოს. ბოლოს მასწავლებელმა შერცხვენილ მოსწავლეს ქეჩოში ხელი მოჰკიდა და უთხრა: -მერამდენედ გიორგი?.. ტირილამდე მისული ვაჟი მუდარით შესციცინებდა მასწავლებელს და ჩუმად იმეორებდა ხელებდაკრეფილი: “აღარ ვიზამ, აღარ ვიზამ”… -გვიანია უკვე, გასწორდი მხრებში! გიორგი გაიმართა და შიშით შეხედა. მასწავლებელმა უეცრად ხელი მოიქნია და  სილა გაარტყა. გიორგი დაეცა.
-თავისუფალი ხარ, გადი!!!
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. გიორგი ნელ-ნელა მიფორთხავდა კარისკენ და მალევე გაუჩინარდა. მასწავლებელი მაგიდას დაუბრუნდა.
 -ცირეკიძე თემურ.
-ვარ.
-ვიცი რომ ხარ, დავალება მომიტანე?
 -კი მას, მოგიტანეთ.
 -მაჩვენე. თემო მასწავლებელს მოწიწებით მიუახლოვდა და სქელი რვეული გადასცა. —-ყველაფერია?
-კი პატივცემულო, ზედმიწევნით აღვწერე ჩემი ყოფის ყველა ეპიზოდი 2000-2005 წწ-ებში.
-კარგი, სახლში გავეცნობი და პასუხს შემდეგ გაკვეთილზე გაგაგებინებ. დაჯექი. მასწავლებელმა ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო და მოულოდნელად წამოიძახა: -დავით, ტესტი დამიბრუნე.
 -მას, ბოლო კითხვა დამრჩა და ვერ ვწერ, პასუხი არ ვიცი.
 -წაიკითხე.
დავითი წამოდგა და კითხვა დაიწყო: -ამოხსენით ამოცანა: მიდიხართ თქვენთვის. ხედავთ ვიღაც გიახლოვდებათ და უმიზეზოდ ხელს გირტყამთ, უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. რას მოიმოქმედებთ? პასუხი დაასაბუთეთ. -მერე ბატონო დავით, ორმოცდაათი წლისა მოიყარეთ და მაინც ვერ ჩაწვდით პასუხს? დავითი დაიბნა, უხერხულად დაუწყო მერხის კიდეს ფრჩხილით ფხაჭნა და გაუბედავად ამოილუღლუღა: -მე…ო…რე… ლოყას მივუშვერ. -თქვენგან არაფერი გამოვა ბატონო, არაფერი. ნათია, სწორი პასუხი! ნათია წამოდგა და სხაპასხუპით მიაყარა: -მეც დავარტყამ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაც გადამთელავს და დამაბეჩავებს. -დაჯექი ნათია. უეცრად ზარი დაირეკა. კლასში ყველა შეიშმუშნა. -თავისუფლები ხართ. მაკა მოდი ერთი წუთით. მოსწავლეები ერთმანეთს და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. მაკა მიუახლოვდა მაგიდას: -გისმენთ. -მაკა ეს ფუცელი გამომართვი და ცხრილის ქვეშ გააკარი. -კარგით.- მაკამ ფურცელი ჩამოართვა და ცხრილის ქვემოთ გააკრა. ცხრილი ერთი გაკვეთილისგან შედგებოდა, დიდ თაბახზე ფართო ასოებით ეწერა: ც ხ ო ვ რ ე ბ ა. მაკას მიერ გაკრულ ფურცელზე კი: “გარდაიცვალა გაბისონია მაყვალა. პანაშვიდები გაიმართება 27,28 ნოემბერს, დაკრძალვა 29 ნოემბერს, მისამართი იკითხეთ დეკანატში.” საკლასო ოთახი დაცარიელდა. ცხოვრებამ ჟურნალი და “ლინეიკა” იღლიაში ამოიდო და მორიგ საკლასო ოთახს მიაშურა. . . . დრომ თვალი გაახილა. გაჩერებულ მაღვიძარას დახედა და საწოლიდან წამოხტა. “ჩამძინებიაო” გაიფიქრა: წელიწადი სასწრაფოდ ამოიცვა, წუთი მოიცვა, თვე გადაიცვა, საათი მოისხა, დღეებში ფეხები ტუცა, წამი დაიხურა, კვირით ყელი კარგად შეიფუთა და სახლიდან გავარდა.

ჯერალდ ნიუმანი – მე მიყვარს ამერიკა დილის ცხრა საათზე

In Uncategorized on January 20, 2010 at 9:32 pm

ნიუ იორკი,

ცხრა საათი,
შუშის ნამსხვრევებში მუშები,
ეძებენ სხვებს,
მექსიკელი ქალი,
ისიც ეძებს,
თითქმის არ ესმის ინგლისური,
“პედრო, ვახშამი მოგიტანე, პედრო”
ყვირის,

მტვერში რთულია სუნთქვა,
განსაკუთრებით უცხო ქალაქში.

პოლიციის ოფიცერი,
შავი ფორმით და სათვალით,
დაეძებს,
ოღონდ მას,
ვინც საცოდავ მუშას ეძებდა,
იპოვნა,
გვამთან დამხობილი,
ნახევრად ქალი,
გაიღიმა,
ისე როგორც იანკებმა,
ან წითურმა ირლანდიელებმა იციან,
ნანგრევებით გათეთრებული ხელები ზურგს უკან,
თავი სისხლის გუბეში,
ეცნო მარიას მექსიკური სისხლი,
“შენ გაქვს დუმილის უფლება”
ტირილის?
რა თქმა უნდა,
ეს ამერიკაა.
(DEMOCRACY DARLIN’)

მეხიკოს გარეუბანი,
და-ძმა დედას ელოდება,

ის კი,

ეს-ესაა დაუბრუნდა სახლს,
სამსახურს,
სადაც ყოველდღე,
ახალი პედრო და ძველის მოგონებაა.
გოგონა მალე გაიზრდება,
ბიჭიც,
ისინიც წავლენ ამერიკული ოცნების საძიებლად,
ოღონდ,
ტყუპების ნანგრევებში…

მარკ ნოვაკი

In Uncategorized on January 19, 2010 at 6:54 pm

მარკ ნოვაკი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი პოეტი და პუბლიცისტი, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, დაკავებულია აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით, მისი ლექსები ხშირად ემსახურება პოლიტიკურ კრიტიკას.

როგორც თავად აცხადებს ადრეულ ასაკში მასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, კამიუს, კაფკასა და სარტრის შემოქმედებამ.
ასევე მუსიკალურმა ჯგუფმა kraftwerk.
ნოვაკს გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული, რომელთაგან Shut up shut  down უდავოდ გამორჩეულია.

Hoyt Lakes / Shut Down 05.25.2000 – აუდიო ვერსია.

ჯერალდ ნიუმანი – ცამეტი წლის ვარ

In Uncategorized on January 16, 2010 at 11:26 am

ცამეტი წლის ვარ….

დილიდან ხმაურმა გამაღვიძა, სასოწარკვეთილებამ მთელი სხეული მოიცვა, ისევ ყვირილი, გაბმული და შემზარავი….
–პური რატომ არ არის? ვის უნდა მოეტანა?
–სახლში გვიან მოვედი, დაღლილს ჩამძინებია, ვერ მოვახერხე, გაიგე….
–ეს გასამართლებლად არ კმარა! მეც გვიან მოვედი! ყველა მუშაობს და იღლება, ყველას აქვს თავის საქმე, ოჯახში ყველას თავის ადგილი აქვს, ყველა თანასწორი როდია, ყველა თითიც კი არ არის ერთნაირი!!

შიმშილი ყველას აწუხებს

გაარტყა…… ტირილის ხმა სულ უფრო და უფრო ახლოს მესმის, აღარ შემიძლია…
ნუ ტირი დედა, ჩავეხუტე… ნუ ტირი, –უფრო აქვითინდა, სითბოს და მზრუნველობას როცა გრძნობს ადამიანი უფრო უჩუყდება ყოველთვის გული.
–წადი შვილო, პური მოიტანე, წადი..

ჩუმად ჩავიცვი ჩემი ძონძები. ყველას აქვს თავისი საქმე, საქმე ყველას თავისი აქვს, გაბმულად მიტრიალებს თავში ეს ოთხი სიტყვა, დახეული ფეხსაცმელი ავიღე, ეჰ ,არავის აცვია ასეთი…. მე ცამეტი წლის ვარ, ვის უნდა ეყიდა ჩემთვის ახალი? ყველას თავისი საქმე აქვს–ისევ ეს ფრაზა……მართლაც…

იანვარია, შობამ უკვე ჩაიარა, გარეთ ძალიან ცივა, საბრალო ხეებიც კი ნირწამხდარ ღრუბლიან ცას შესცქერიან, თითქოს რაღაცას ელიან, დამიჯერეთ იქ საინტერესო არაფერია… ქუჩის კუთხეში ჩემი ასაკის ხელგაწვდილი ბიჭი ზის, მის დანახვაზე რამდენიმე გრძნობა ერთიანად მეუფლება…. მებრალება, ამასთანავე სიამაყით ვივსები, მე საზოგადოების უფრო მაღალ ფენას ვეკუთვნი, გვერდზე მედიდურად ჩავუარე, დაახლოებით ისე როგორც ჩემი მეზობელი მდიდარი ვაჭარი ჩაგვივლის ხოლმე მე და მამაჩემს, ბებერი ღორი….. მადლობა ღმერთს ჭერი მაქვს თავზე…..

პური ვიყიდე, სახლში წასვლა არ მინდა, მინდა ცოტა ხნით მოვწყდე ამ დამთრგუნველ გარემოს, მეცოდება ყველა, მეცოდება მამაჩემი, ადრე ასეთი როდი იყო ადრე სამსახური ჰქონდა, ბევრს არასდროს უხდიდნენ, ცოტაც გვყოფნიდა, რაც მთავარია სახლში სრული სიმშვიდე იყო…. პატიოსანი კაცი ვერ აიტანეს…. ახლა კვირაში ერთხელ თუ მოახერხებს საჭმლის ფულის მოტანას…. ნერვები, ნერვები…. მშიერი ოჯახის ყურება ძნელია, ჯერ კიდევ დილით მძულდა მშობელი, მარტო დარჩენილი ვეცადე მის მდგომარეობაში შესვლას, მგონი გამომივიდა…..

ნაცნობი ქუჩა, აქ ის ცხოვრობს, ყოველღამე სიზმარში ვხედავ,დილით მასზე ფიქრით ვიღვიძებ და ისევ ღამეს ველოდები…ტკბილი ოცნებები, მხოლოდ ოცნებები, სიყვარული ერთია… რამდენჯერ მიფიქრია მომავალზე, იქნებ ეს მხოლოდ ბავშვური გატაცებაა და სხვა არაფერი, ვინ ვიქნები მომავალში, ან საერთოდ ვიქნები??…. რამდენი ტკივილი მიგრძვნია ცხოვრებაში, რამდენჯერ მიტირია ცხარე ცრემლით….., ჯერ ცამეტი წლის ვარ…… მის ფარდებს მკრთალი შუქი კვლავაც ელაციცება, უკანასკნელი დარჩენილი სინათლე…

მშია, რამდენიმე საათი გავიდა, დედამ გაჭირვებით დაგროვილი ხურდა ფული მომცა,ერთი პური ვიყიდე, სახლში სამი მშიერი ადამიანი მელოდება, იქნებ ჩემი წილი ვჭამო? პური გავტეხე, შვრიის სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი, ნერწყვი მომადგა, ლუკმა ჩავიდე, უგემრიელესია,კიდევ ერთი ლუკმა, კიდევ ერთი….. მამაჩემს ეყოფა, დანარჩენები …..ღმერთმა განმსაჯოს…

ცამეტი წლის ვარ, ცამეტი წლის….იმედია გავიზრდები….

ჯერალდ ნიუმანი – უკან ბედლამიდან

In Uncategorized on January 15, 2010 at 6:03 pm

მესამე სართულზე ცხოვრობს მეგობარი უგო.

ჩემთან ოთახში ორნი ვართ, მე და სონი,
სონი, ასე ეძახის საკუთარ თავს, ნამდვილი სახელი არ ვიცი, არც მაინტერესებს,
ოთახი პატარაა, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, ორი საწოლი, კარადა და ტუმბო დგას, სამი კედლიდან ერთ-ერთზე, წითელ ჩარჩოში ჩასმული ნახატი ჰკიდია, ეს სონის ნახატია, ძალიან უყვარს, დაწვება ლოგინზე და საათობით უყურებს.

-სონი, რა არის მაგ ნახატზე?
-ვერ ხედავ? მშვენიერია არა ჩემი მერი?
-მერი ლამაზია ალბათ, მაგრამ ამ ნახატზე მხოლოდ წითელი და შავი ხაზებია,
-წითელი და შავი ხაზები? არა, შენ ვერ ამჩნევ, ეს მერია, მე მიყურებს.
-შენ უკეთ იცი მაგ ნახატის ფასი სონი, ნეტა სადილად რა გვექნება დღეს.
-არაფერი, ჩვენი სადილი სადილია? ტარაკნებით არის სავსე იმ ჩასუქებული მზარეულის ქვაბები, მერი რომ არ მელოდებოდეს საერთოდ არ შევჭამდი საჭმელს.

სამ საათზე უგომ გამოიარა, სასადილოდ გავედით, სონი არ წამოვიდა, მოწყენილი იყო, არც გამკვირვებია, ხშირად იცოდა ასე.
ბუფეტში ოცდაათი კაცი იქნებოდა,
ყველას შიოდა და ჩასუქებული მზარეული, რომელსაც “ბებერ ძროხას” ეძახდნენ, საჭმლის დასხმას ვერ აუდიოდა.

-დაიმახსოვრე შვილო, მშიერ გიჟზე საშიში მხეცი არ არსებობს,
-გიჟები? ჩვენ ხომ გიჟები არ ვართ? უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს.
-ხო არა? იქნებ არც სონია გიჟი? მერი, მერი, გაიძახის, როცა მსგავსი ადამიანი საერთოდ არ არსებობს,
-არ არსებობს? რა იცით რომ არ არსებობს?
-ეგ ყველამ იცის შვილო, როცა აქ მოვიდა, გადარეული იყო, ფოტოსურათი ჰქონდა ჩახუტებული, ძილის დროსაც არ იშორებდა ,მერე ძველმა ექიმმა ფოტო წითელი და შავი საღებავით დაუფარა.
-რატომ? რა იყო ფოტოზე?
-საქმეც ისაა რომ არაფერი, გაფუჭებული კადრი,მაგრამ გაიძახოდა,
“ნახეთ ჩემი მერი, რა ლამაზია ქერა მერი!”

ნახევრად ცივი ფაფა მაგიდაზე დავაგდე…

ჩემი მეგობარი უგო კომუნისტი იყო, მხურვალედ უჭერდა მხარს წითელ პარტიას, ლექსებსაც წერდა, როგორც პაბლო ნერუდა, ვიკრიბებოდით მასთან, ვსაუბრობდით,
როცა ხასიათზე იყო ლექსებს გვიკითხავდა, არაფერს ამბობდა წარსულზე, არც მომავალზე ფიქრობდა ბევრს.

ყველა წავიდა, უგო სავარძელში იჯდა, მე ფანჯრის რაფასთან ვიდექი…

ჩაეძინა,

იატაკზე მისი უბის წიგნაკი, ვკითხულობ:

გვერდი I

“მე უგო ვარ,
მე
მიყვარს ცა, მიწა, მიყვარს ადამიანები, შენც მიყვარხარ ჩემო ძვირფასო კარმენ,
რა ვქნა, დიდი ხანია არ მინახიხარ, დროა ასეთი, ვიცი გამიგებ, ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ სამუდამოდ, იმ ქვეყანაში, სადაც თანაბრად ფასობს, ჩემი და მისი ლექსი, ადამიანის, რომელიც მდიდარ ოჯახში დაიბადა.”

გვერდი II

“კარმენ, ჩემო კარმენ, ისევ მენატრები, კარლისგან არაფერი ისმის, არადა გუშინ უნდა მოეტანათ მისი წერილი, მეშინია იქნებ რამე შეემთხვა, სამი დღეა სახლიდან არ გავსულვარ, პუბლიკაციებს ვბეჭდავ, ძველი საბეჭდი მანქანით, რომელიც დაბადების დღეს მაჩუქე, მახსოვს, არაფერი გამხარებია ცხოვრებაში ასე, რამდენი ხანი ვაგროვებდი ფულს, მაგრამ შენ მომიტანე, ჩემო კარმენ.
იმ დღეს ძალიან წვიმდა, მაგრამ ერთად ვიყავით.”

გვერდი III

კარლი დააპატიმრეს, მარტო დავრჩი, სხვებსაც ვერ ვუკავშირდები, კარმენ, შენ მაინც მყავდე აქ, მამაშენის ბრალია ყველაფერი, გამოუსწორებელი ბურჟუაა, ვიცი ვერ მიტანს, მაგრამ მოვა დრო, ყველა თანაბარი იქნება, მე და საიმონიც დავსხდებით ერთ მაგიდასთან.

გვერდი IV

კარმენ, შენი წერილი მივიღე, არ ვიცი რატომ, ძალიან ცუდად ვარ, ვერც შენ გამიგე,
კარლი გუშინ დახვრიტეს, მიმატოვე, შენი ადგილი არ იქნება მომავალში, მომავლის ქვეყანაში მოღალატეები ვერ იცხოვრებენ.

გვერდი V

დავმარცხდით, ხალხმა ზურგი გვაქცია, უგუნურები, უხარიათ, არადა ჩვენ ყველაფერი მათთვის გვინდოდა. კარმენ, ნეტავ სად ხარ კარმენ.

გაეღვიძა,
რვეული მაგიდაზე დავდე და ჩემს ოთახში დავბრუნდი, სონი კედელს უყურებდა, როგორც ყოველთვის.

-მერი, იცი როგორ მიყვარს ჩემი მერი? დამეხმარები მის მოძბნაში? არ ვიცი სად ვეძებო, მაგრამ შენც თუ წამოხვალ ნამდვილად ვპოვნი, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ხომ გახსოვს როგორია? აი, ნახატს შეხედე, ხედავ? წარმოუდგენელია მისი თვალები სხვა ქალის თვალებში აგერიოს.
-ხო მერი, მართლაც არ ჰგავს სხვებს, დავიძინოთ და ხვალ მოვიფიქროთ კარგი?
-ხვალ? არა ხვალ გვიანი იქნება, უგომ უკვე იცის, ისიც ჩვენთან ერთად მოდის,
-უგო, მერის მოსაძებნად მოგყვება?
-ხო, მომყვება, თან მასაც უნდა ერთი ადამიანის მოძებნა,
-კარმენის?
-ხო, კარმენის, საიდან იცი?
-ვიცი, ადრე მითხრა.
-წამოხვალ თუ არა?
-ხვალ გეტყვი სონი, ხვალ.
-ხო, კარგი, კარგი, ოღონდ ადრე გაიღვიძე.

უგო რამ გააგიჟა.

ვიწექი და ვფიქრობდი, მომენატრა ქალაქში ხეტიალი, მაგრამ არ შეიძლება, ხომ შევპირდი ლორენს, მე მართლა მელოდება ცოლი, სონისგან განსხვავებით, ცოტაც და საბოლოოდ ვაჯობებ ამ დეპრესიას.

ჩამთვლიმა,
ძილ-ბურანში პარიზი….

აღარ თოვს.
ვსვამ ალუბლის ნაყენს,
მარტო დავრჩი, ჩემი პალტო, ისევ ისე გდია სკამზე, როგორც დავტოვე, ფეხსაცმელსაც გაჭირვებით ვიხდი, გამოვიცვლი და წავალ, ბოლოჯერ დავესწრები ამ დაწყევლილ სპეკტაკლს, იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს რამე, თუ არადა საერთოდ დავივიწყებ მის არსებობას, გრიმი, არ უნდა დამრჩეს, მეც როგორც ყველა ჯამბაზი, ნიღბის ქვეშ ვიმალები…

ჩემი ჩემოდანი ოცი წლისაა, რამდენ ქალაქში მითრევია, რამდენი ბინძური მატარებელი და გემის კაიუტა შემოუვლია, თეთრი საღებავით გაკეთებული წარწერა დღესაც ეტყობა – “ნიურნბერგი, 1900”.

მეორე ჭიქა ალუბლის ნაყენს ვსვამ.
ათი საათია.სამშაბათი.
გარეთ არც გამიხედავს, ნეტა როგორი ამინდია..

-როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი, წარმოდგენები ერთი კვირა გაგრძელდება,
-მეც წამოვალ შენთან ერთად, არ გინდა?
-არა, არ მინდა, იქნებ ამჯერად მაინც გამიმართლოს და მთავარ როლზე ამიყვანონ პარიზის თეატრში.
-გიყვარვარ?
-კი, ძალიან, ახლა წავედი, დავბრუნდები და ქალაქ გარეთ წავიდეთ, მარტო მე და შენ, ძალიან მინდა მშვიდი დასვენება.
-კარგი, დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა სადგურამდე მიგაცილო?
-კი, კი, წავედი.

ასე დავემშვიდობე ერთი კვირის წინ, ახლა უკვე ბოლო წარმოდგენა მაქვს, მთელი კვირაა უღიმღამო სცენაზე, ეპიზოდურ როლს ვთამაშობ, ვერავინ მოვხიბლე, ვერც მაყურებელი და ვერც ჟანი (ჩვენი რეჟისორი), ალბათ მომავალ პიესაშიც მეფის მსახურის, ან ძაღლის მომვლელის როლს მომცემენ, თუ საერთოდ არ გამიშვეს დასიდან.

სადგური, ეს ის ადგილია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ, ისევ ვიყიდე ხუთფრანკიანი ბილეთი,
“კომპანია ბერგი და ალოფსი”- აწერია მწვანე მელნით, იმდენჯერ მინახავს ეს ორი გვარი, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო: “მე ვიცნობ მათ!”

გაზეთის წაკითხვას ვცდილობ, ალჟირში ადამიანებს აწამებენ,
მატარებლის განრიგი ტუალეტის კართან ჰკიდია,
ხელახლა ვკითხულობ რა ხდება ალჟირში, მეცოდება ყველა, დარწმუნებული ვარ მათაც შევეცოდებოდი, მაგრამ ვერც ისინი დამეხმარებოდნენ.

“ბილეთი გაქვთ?”- მეკითხება ჩასუქებული გამცილებელი,ადგილობრივ დიალექტზე,
იგივეს გერმანულადაც მიმეორებს, ვუწვდი დაჭმუჭნულ ქაღალდს (რატომ ფიქრობენ გერმანელები რომ ყველამ უნდა იცოდეს მათი ენა?)

მინერალური წყლის ბოთლი პირთან მიმაქვს – არ ვსვამ, მატარებელი საცაა გავა.

ჩემთან, კუპეში, კიდევ ორი კაცია, ერთი ჩემი თეატრის მხატვარია, მეორეს არ ვიცნობ, ალბათ ახალია დასში, შეიძლება უბრალო მგზავრიცაა…
ალჟირელ ტყვეებზე აღარ ვფიქრობ(ვხვდები ვერაფერს ვუშველი)
ფრაუმიუნსტერშტრასე მახსენდება,მზის სათვალეების ყუთებით გატენილი მაღაზია,ლუპები,ჭოგრიტები,თეატრალური ბინოკლები და ლორენის ღიმილიანი ტუჩები.
მახსოვს ბებერი მათხოვარი, ცრემლიანი თვალებით,სარეპეტიციოს შესასვლელთან რომ იჯდა ძონძებში გახვეული,
სახლიდან ყოველთვის მიმქონდა ცოტა საჭმელი მისთვის.

-შვილო დღეს გვიან მიდიხარ, ბევრი იმუშავე? ხომ იცი, შენ ყველაზე კარგი ხარ ამათ შორის.
-ბევრი ვიმუშავე, მაგრამ არაფერი გამოდის, (თითქოს მომინდა მისთვის ჩემი დარდი გამემხილა)
-ლორენი კარგი გოგონაა, რატომ აღარ გაკითხავს? ორსულად ხომ არ არის? ლამაზი შვილი გეყოლებათ, აუცილებლად მწვანე თვალები და ხუჭუჭა თმა ექნება.
-ლორენი? ლორენი მუშაობს, ბინის ქირას მარტო ჩემი ხელფასი არ ეყოფა, თან პარიზი,
ხომ იცით როგორ ახრჩობს უბრალო ადამიანს, ეს ქარაფშუტების ბუდე.
-ვიცი შვილო, ვიცი.ჩემმა კლოდმაც ვერ გაუძლო და აბაზანაში, თოკზე დაკიდებული ვიპოვნეთ, მე და საბრალო მამამისმა.

ამ ამბის შემდეგ ხშირად ვცდილობდი კლოდი წარმომედგინა, იქნებ შემხვედრია სადმე.
მე ცოტა დაბნეული ვარ, სახეებსაც ვერ ვიმახსოვრებ, შეიძლება ვიცნობდი კიდეც.

-სამი საათი გასულა, -ამბობს ჩვენი მხატვარი
ეს-ესაა გამოვედით გვირაბიდან.

მიუნჰენი, ცივია ეს ქალაქი, კომუნისტების გამოსვლებმა სულ დაზაფრა უკმეხი ბავარიელები.

ოთხი საათი, ბოლო დღე, წარმოდგენისთვის ვემზადები, ბოლთას ვცემ, საგრიმიოროში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს სცენას.

“ო, გი, შენ მე მომკალი, ჯოჯოხეთის ცეცხლზე დაიწვები, ო, გიი”..

წარმოდგენამ ისე ჩაიარა, როგორც სხვა დანარჩენმა, ყველა ბისზე იდგა, მე ჩემოდანს ვალაგებდი.

მიუნჰენის ქუჩებში კომუნისტებს იჭერდნენ.

პარიზი, ლორენის ცრემლიანი თვალები, არყით დაბინდული გონება, სამჯერ გადაჭრილი ვენები,
ბოლო შეგროვებული კაპიკები,

ლორენს შევპირდი, შევპირდი და ახლა აქ ვარ, საწოლზე ვწევარ, გვერდზე შეშლილი სონი მიწევს, ტირის. მეცოდება, ნუთუ შეიძლება არარსებული ადამიანი ასე გიყვარდეს? არა, სისულელეა.

-სონი, მომიყევი რამე მერიზე,
-რა მოგიყვე?
-რა ვიცი, როგორ გაიცანი, რამდენ ხანს ხვდებოდი, მოკლედ, რაც გინდა ის მომიყევი.

ერთ დღეს მერიმ მითხრა: “სიყვარული არ არსებობს სონი,”
იცი როგორ იყინება ვენებში სისხლი? ან როგორ ბუჟდება ხელები და ბინდდება გონება? ეს ყველაფერი პირველად სწორედ მაშინ გამოვცადე,
მაგრამ მანამდე, ჩვენ დიდი ხანი ვიყავით ერთად.

ყოველ ღამე მოდიოდა ჩემთან,ვსაუბრობდით, ვეხუტებოდი,ვკოცნიდი, დაქორწინებას ვაპირებდით…

ფოტოგრაფი ვარ,
ჩემი მერისთვის ფოტოს გადაღება მომინდა, ფადავუღე კიდეც
(შეხედა კედელზე დაკიდებულ ნახატს), ძალიან ბედნიერი ვიყავი, ხელებიც კი მიკანკალებდა გამჟღავნებისას, მართლაც კარგი გამოვიდა, ძალიან კარგი,
მერე დედაჩემს ვანახე,
არ მოეწონა, საერთოდ ვერ დაინახა ჩემი მერი, მეწყინა…

შობა,
ღამის დადგომას მოუთმენლად ველოდი, ძალიან მინდოდა ჩემთან ყოფილიყო,
არ მოვიდა,
არც მეორე დღეს, მთელი თვე არ გამოჩენილა,
ბოლოს დავინახე, კარის ზღურბლზე იდგა, გახარებული სიტყვებს ვერ ვპოულობდი,
მან კი,
მერიმ მხარზე დამადო ხელი, ცივი თვალებით შემომხედა და მითხრა:”სიყვარული არ არსებობს სონი.”
საწოლზე დავჯექი, ხელები სახეზე ავიფარე, ასე ვიყავი რამდენიმე წუთი, როცა გამოვფხიზლდი ის ოთახში აღარ დამხვდა,

სამი წელი გავიდა, მერე აქ მოვხვდი, არ ვიცი ასე რატომ მოხდა, აუცილებლად ვიპოვნი მერის და ვკითხავ.

სონი სევდიანი თვალებით უყურებდა კედელს.

ლორენი,
ის ალბათ ვიღაცის ბინძურ თეთრეულს რეცხავს, მასში კი მწვანეთვალება ბიჭი იზრდება, ნეტა ბევრს აქვს კლოდის ბედი?
მე დავბრუნდები და ისევ ვითამაშებ იაფფასიან სპექტაკლებში, მთავარი ხომ ფული არ არის.

უგო მოვიდა, სონის მიუჯდა, ხელი გადახვია, მეც წამოვდექი, ავიღე ჩემოდანი, რომელზეც თეთრი ასოებით წერია “ბედლამი 1913”,

მერი, კარმენი, ლორენი, ან რა მნიშვნელობა აქვს,
ის მაინც არსებობს, უნდათ თუ არა ადამიანებს.

ბანგკოკი, ტაილანდი 2008