Jerald Newman

ჯერალდ ნიუმანი – უკან ბედლამიდან

In Uncategorized on January 15, 2010 at 6:03 pm

მესამე სართულზე ცხოვრობს მეგობარი უგო.

ჩემთან ოთახში ორნი ვართ, მე და სონი,
სონი, ასე ეძახის საკუთარ თავს, ნამდვილი სახელი არ ვიცი, არც მაინტერესებს,
ოთახი პატარაა, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, ორი საწოლი, კარადა და ტუმბო დგას, სამი კედლიდან ერთ-ერთზე, წითელ ჩარჩოში ჩასმული ნახატი ჰკიდია, ეს სონის ნახატია, ძალიან უყვარს, დაწვება ლოგინზე და საათობით უყურებს.

-სონი, რა არის მაგ ნახატზე?
-ვერ ხედავ? მშვენიერია არა ჩემი მერი?
-მერი ლამაზია ალბათ, მაგრამ ამ ნახატზე მხოლოდ წითელი და შავი ხაზებია,
-წითელი და შავი ხაზები? არა, შენ ვერ ამჩნევ, ეს მერია, მე მიყურებს.
-შენ უკეთ იცი მაგ ნახატის ფასი სონი, ნეტა სადილად რა გვექნება დღეს.
-არაფერი, ჩვენი სადილი სადილია? ტარაკნებით არის სავსე იმ ჩასუქებული მზარეულის ქვაბები, მერი რომ არ მელოდებოდეს საერთოდ არ შევჭამდი საჭმელს.

სამ საათზე უგომ გამოიარა, სასადილოდ გავედით, სონი არ წამოვიდა, მოწყენილი იყო, არც გამკვირვებია, ხშირად იცოდა ასე.
ბუფეტში ოცდაათი კაცი იქნებოდა,
ყველას შიოდა და ჩასუქებული მზარეული, რომელსაც “ბებერ ძროხას” ეძახდნენ, საჭმლის დასხმას ვერ აუდიოდა.

-დაიმახსოვრე შვილო, მშიერ გიჟზე საშიში მხეცი არ არსებობს,
-გიჟები? ჩვენ ხომ გიჟები არ ვართ? უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს.
-ხო არა? იქნებ არც სონია გიჟი? მერი, მერი, გაიძახის, როცა მსგავსი ადამიანი საერთოდ არ არსებობს,
-არ არსებობს? რა იცით რომ არ არსებობს?
-ეგ ყველამ იცის შვილო, როცა აქ მოვიდა, გადარეული იყო, ფოტოსურათი ჰქონდა ჩახუტებული, ძილის დროსაც არ იშორებდა ,მერე ძველმა ექიმმა ფოტო წითელი და შავი საღებავით დაუფარა.
-რატომ? რა იყო ფოტოზე?
-საქმეც ისაა რომ არაფერი, გაფუჭებული კადრი,მაგრამ გაიძახოდა,
“ნახეთ ჩემი მერი, რა ლამაზია ქერა მერი!”

ნახევრად ცივი ფაფა მაგიდაზე დავაგდე…

ჩემი მეგობარი უგო კომუნისტი იყო, მხურვალედ უჭერდა მხარს წითელ პარტიას, ლექსებსაც წერდა, როგორც პაბლო ნერუდა, ვიკრიბებოდით მასთან, ვსაუბრობდით,
როცა ხასიათზე იყო ლექსებს გვიკითხავდა, არაფერს ამბობდა წარსულზე, არც მომავალზე ფიქრობდა ბევრს.

ყველა წავიდა, უგო სავარძელში იჯდა, მე ფანჯრის რაფასთან ვიდექი…

ჩაეძინა,

იატაკზე მისი უბის წიგნაკი, ვკითხულობ:

გვერდი I

“მე უგო ვარ,
მე
მიყვარს ცა, მიწა, მიყვარს ადამიანები, შენც მიყვარხარ ჩემო ძვირფასო კარმენ,
რა ვქნა, დიდი ხანია არ მინახიხარ, დროა ასეთი, ვიცი გამიგებ, ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ სამუდამოდ, იმ ქვეყანაში, სადაც თანაბრად ფასობს, ჩემი და მისი ლექსი, ადამიანის, რომელიც მდიდარ ოჯახში დაიბადა.”

გვერდი II

“კარმენ, ჩემო კარმენ, ისევ მენატრები, კარლისგან არაფერი ისმის, არადა გუშინ უნდა მოეტანათ მისი წერილი, მეშინია იქნებ რამე შეემთხვა, სამი დღეა სახლიდან არ გავსულვარ, პუბლიკაციებს ვბეჭდავ, ძველი საბეჭდი მანქანით, რომელიც დაბადების დღეს მაჩუქე, მახსოვს, არაფერი გამხარებია ცხოვრებაში ასე, რამდენი ხანი ვაგროვებდი ფულს, მაგრამ შენ მომიტანე, ჩემო კარმენ.
იმ დღეს ძალიან წვიმდა, მაგრამ ერთად ვიყავით.”

გვერდი III

კარლი დააპატიმრეს, მარტო დავრჩი, სხვებსაც ვერ ვუკავშირდები, კარმენ, შენ მაინც მყავდე აქ, მამაშენის ბრალია ყველაფერი, გამოუსწორებელი ბურჟუაა, ვიცი ვერ მიტანს, მაგრამ მოვა დრო, ყველა თანაბარი იქნება, მე და საიმონიც დავსხდებით ერთ მაგიდასთან.

გვერდი IV

კარმენ, შენი წერილი მივიღე, არ ვიცი რატომ, ძალიან ცუდად ვარ, ვერც შენ გამიგე,
კარლი გუშინ დახვრიტეს, მიმატოვე, შენი ადგილი არ იქნება მომავალში, მომავლის ქვეყანაში მოღალატეები ვერ იცხოვრებენ.

გვერდი V

დავმარცხდით, ხალხმა ზურგი გვაქცია, უგუნურები, უხარიათ, არადა ჩვენ ყველაფერი მათთვის გვინდოდა. კარმენ, ნეტავ სად ხარ კარმენ.

გაეღვიძა,
რვეული მაგიდაზე დავდე და ჩემს ოთახში დავბრუნდი, სონი კედელს უყურებდა, როგორც ყოველთვის.

-მერი, იცი როგორ მიყვარს ჩემი მერი? დამეხმარები მის მოძბნაში? არ ვიცი სად ვეძებო, მაგრამ შენც თუ წამოხვალ ნამდვილად ვპოვნი, შენ ხომ ჭკვიანი ხარ, ხომ გახსოვს როგორია? აი, ნახატს შეხედე, ხედავ? წარმოუდგენელია მისი თვალები სხვა ქალის თვალებში აგერიოს.
-ხო მერი, მართლაც არ ჰგავს სხვებს, დავიძინოთ და ხვალ მოვიფიქროთ კარგი?
-ხვალ? არა ხვალ გვიანი იქნება, უგომ უკვე იცის, ისიც ჩვენთან ერთად მოდის,
-უგო, მერის მოსაძებნად მოგყვება?
-ხო, მომყვება, თან მასაც უნდა ერთი ადამიანის მოძებნა,
-კარმენის?
-ხო, კარმენის, საიდან იცი?
-ვიცი, ადრე მითხრა.
-წამოხვალ თუ არა?
-ხვალ გეტყვი სონი, ხვალ.
-ხო, კარგი, კარგი, ოღონდ ადრე გაიღვიძე.

უგო რამ გააგიჟა.

ვიწექი და ვფიქრობდი, მომენატრა ქალაქში ხეტიალი, მაგრამ არ შეიძლება, ხომ შევპირდი ლორენს, მე მართლა მელოდება ცოლი, სონისგან განსხვავებით, ცოტაც და საბოლოოდ ვაჯობებ ამ დეპრესიას.

ჩამთვლიმა,
ძილ-ბურანში პარიზი….

აღარ თოვს.
ვსვამ ალუბლის ნაყენს,
მარტო დავრჩი, ჩემი პალტო, ისევ ისე გდია სკამზე, როგორც დავტოვე, ფეხსაცმელსაც გაჭირვებით ვიხდი, გამოვიცვლი და წავალ, ბოლოჯერ დავესწრები ამ დაწყევლილ სპეკტაკლს, იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს რამე, თუ არადა საერთოდ დავივიწყებ მის არსებობას, გრიმი, არ უნდა დამრჩეს, მეც როგორც ყველა ჯამბაზი, ნიღბის ქვეშ ვიმალები…

ჩემი ჩემოდანი ოცი წლისაა, რამდენ ქალაქში მითრევია, რამდენი ბინძური მატარებელი და გემის კაიუტა შემოუვლია, თეთრი საღებავით გაკეთებული წარწერა დღესაც ეტყობა – “ნიურნბერგი, 1900”.

მეორე ჭიქა ალუბლის ნაყენს ვსვამ.
ათი საათია.სამშაბათი.
გარეთ არც გამიხედავს, ნეტა როგორი ამინდია..

-როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი, წარმოდგენები ერთი კვირა გაგრძელდება,
-მეც წამოვალ შენთან ერთად, არ გინდა?
-არა, არ მინდა, იქნებ ამჯერად მაინც გამიმართლოს და მთავარ როლზე ამიყვანონ პარიზის თეატრში.
-გიყვარვარ?
-კი, ძალიან, ახლა წავედი, დავბრუნდები და ქალაქ გარეთ წავიდეთ, მარტო მე და შენ, ძალიან მინდა მშვიდი დასვენება.
-კარგი, დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა სადგურამდე მიგაცილო?
-კი, კი, წავედი.

ასე დავემშვიდობე ერთი კვირის წინ, ახლა უკვე ბოლო წარმოდგენა მაქვს, მთელი კვირაა უღიმღამო სცენაზე, ეპიზოდურ როლს ვთამაშობ, ვერავინ მოვხიბლე, ვერც მაყურებელი და ვერც ჟანი (ჩვენი რეჟისორი), ალბათ მომავალ პიესაშიც მეფის მსახურის, ან ძაღლის მომვლელის როლს მომცემენ, თუ საერთოდ არ გამიშვეს დასიდან.

სადგური, ეს ის ადგილია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ, ისევ ვიყიდე ხუთფრანკიანი ბილეთი,
“კომპანია ბერგი და ალოფსი”- აწერია მწვანე მელნით, იმდენჯერ მინახავს ეს ორი გვარი, თავს უფლებას მივცემ განვაცხადო: “მე ვიცნობ მათ!”

გაზეთის წაკითხვას ვცდილობ, ალჟირში ადამიანებს აწამებენ,
მატარებლის განრიგი ტუალეტის კართან ჰკიდია,
ხელახლა ვკითხულობ რა ხდება ალჟირში, მეცოდება ყველა, დარწმუნებული ვარ მათაც შევეცოდებოდი, მაგრამ ვერც ისინი დამეხმარებოდნენ.

“ბილეთი გაქვთ?”- მეკითხება ჩასუქებული გამცილებელი,ადგილობრივ დიალექტზე,
იგივეს გერმანულადაც მიმეორებს, ვუწვდი დაჭმუჭნულ ქაღალდს (რატომ ფიქრობენ გერმანელები რომ ყველამ უნდა იცოდეს მათი ენა?)

მინერალური წყლის ბოთლი პირთან მიმაქვს – არ ვსვამ, მატარებელი საცაა გავა.

ჩემთან, კუპეში, კიდევ ორი კაცია, ერთი ჩემი თეატრის მხატვარია, მეორეს არ ვიცნობ, ალბათ ახალია დასში, შეიძლება უბრალო მგზავრიცაა…
ალჟირელ ტყვეებზე აღარ ვფიქრობ(ვხვდები ვერაფერს ვუშველი)
ფრაუმიუნსტერშტრასე მახსენდება,მზის სათვალეების ყუთებით გატენილი მაღაზია,ლუპები,ჭოგრიტები,თეატრალური ბინოკლები და ლორენის ღიმილიანი ტუჩები.
მახსოვს ბებერი მათხოვარი, ცრემლიანი თვალებით,სარეპეტიციოს შესასვლელთან რომ იჯდა ძონძებში გახვეული,
სახლიდან ყოველთვის მიმქონდა ცოტა საჭმელი მისთვის.

-შვილო დღეს გვიან მიდიხარ, ბევრი იმუშავე? ხომ იცი, შენ ყველაზე კარგი ხარ ამათ შორის.
-ბევრი ვიმუშავე, მაგრამ არაფერი გამოდის, (თითქოს მომინდა მისთვის ჩემი დარდი გამემხილა)
-ლორენი კარგი გოგონაა, რატომ აღარ გაკითხავს? ორსულად ხომ არ არის? ლამაზი შვილი გეყოლებათ, აუცილებლად მწვანე თვალები და ხუჭუჭა თმა ექნება.
-ლორენი? ლორენი მუშაობს, ბინის ქირას მარტო ჩემი ხელფასი არ ეყოფა, თან პარიზი,
ხომ იცით როგორ ახრჩობს უბრალო ადამიანს, ეს ქარაფშუტების ბუდე.
-ვიცი შვილო, ვიცი.ჩემმა კლოდმაც ვერ გაუძლო და აბაზანაში, თოკზე დაკიდებული ვიპოვნეთ, მე და საბრალო მამამისმა.

ამ ამბის შემდეგ ხშირად ვცდილობდი კლოდი წარმომედგინა, იქნებ შემხვედრია სადმე.
მე ცოტა დაბნეული ვარ, სახეებსაც ვერ ვიმახსოვრებ, შეიძლება ვიცნობდი კიდეც.

-სამი საათი გასულა, -ამბობს ჩვენი მხატვარი
ეს-ესაა გამოვედით გვირაბიდან.

მიუნჰენი, ცივია ეს ქალაქი, კომუნისტების გამოსვლებმა სულ დაზაფრა უკმეხი ბავარიელები.

ოთხი საათი, ბოლო დღე, წარმოდგენისთვის ვემზადები, ბოლთას ვცემ, საგრიმიოროში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს სცენას.

“ო, გი, შენ მე მომკალი, ჯოჯოხეთის ცეცხლზე დაიწვები, ო, გიი”..

წარმოდგენამ ისე ჩაიარა, როგორც სხვა დანარჩენმა, ყველა ბისზე იდგა, მე ჩემოდანს ვალაგებდი.

მიუნჰენის ქუჩებში კომუნისტებს იჭერდნენ.

პარიზი, ლორენის ცრემლიანი თვალები, არყით დაბინდული გონება, სამჯერ გადაჭრილი ვენები,
ბოლო შეგროვებული კაპიკები,

ლორენს შევპირდი, შევპირდი და ახლა აქ ვარ, საწოლზე ვწევარ, გვერდზე შეშლილი სონი მიწევს, ტირის. მეცოდება, ნუთუ შეიძლება არარსებული ადამიანი ასე გიყვარდეს? არა, სისულელეა.

-სონი, მომიყევი რამე მერიზე,
-რა მოგიყვე?
-რა ვიცი, როგორ გაიცანი, რამდენ ხანს ხვდებოდი, მოკლედ, რაც გინდა ის მომიყევი.

ერთ დღეს მერიმ მითხრა: “სიყვარული არ არსებობს სონი,”
იცი როგორ იყინება ვენებში სისხლი? ან როგორ ბუჟდება ხელები და ბინდდება გონება? ეს ყველაფერი პირველად სწორედ მაშინ გამოვცადე,
მაგრამ მანამდე, ჩვენ დიდი ხანი ვიყავით ერთად.

ყოველ ღამე მოდიოდა ჩემთან,ვსაუბრობდით, ვეხუტებოდი,ვკოცნიდი, დაქორწინებას ვაპირებდით…

ფოტოგრაფი ვარ,
ჩემი მერისთვის ფოტოს გადაღება მომინდა, ფადავუღე კიდეც
(შეხედა კედელზე დაკიდებულ ნახატს), ძალიან ბედნიერი ვიყავი, ხელებიც კი მიკანკალებდა გამჟღავნებისას, მართლაც კარგი გამოვიდა, ძალიან კარგი,
მერე დედაჩემს ვანახე,
არ მოეწონა, საერთოდ ვერ დაინახა ჩემი მერი, მეწყინა…

შობა,
ღამის დადგომას მოუთმენლად ველოდი, ძალიან მინდოდა ჩემთან ყოფილიყო,
არ მოვიდა,
არც მეორე დღეს, მთელი თვე არ გამოჩენილა,
ბოლოს დავინახე, კარის ზღურბლზე იდგა, გახარებული სიტყვებს ვერ ვპოულობდი,
მან კი,
მერიმ მხარზე დამადო ხელი, ცივი თვალებით შემომხედა და მითხრა:”სიყვარული არ არსებობს სონი.”
საწოლზე დავჯექი, ხელები სახეზე ავიფარე, ასე ვიყავი რამდენიმე წუთი, როცა გამოვფხიზლდი ის ოთახში აღარ დამხვდა,

სამი წელი გავიდა, მერე აქ მოვხვდი, არ ვიცი ასე რატომ მოხდა, აუცილებლად ვიპოვნი მერის და ვკითხავ.

სონი სევდიანი თვალებით უყურებდა კედელს.

ლორენი,
ის ალბათ ვიღაცის ბინძურ თეთრეულს რეცხავს, მასში კი მწვანეთვალება ბიჭი იზრდება, ნეტა ბევრს აქვს კლოდის ბედი?
მე დავბრუნდები და ისევ ვითამაშებ იაფფასიან სპექტაკლებში, მთავარი ხომ ფული არ არის.

უგო მოვიდა, სონის მიუჯდა, ხელი გადახვია, მეც წამოვდექი, ავიღე ჩემოდანი, რომელზეც თეთრი ასოებით წერია “ბედლამი 1913”,

მერი, კარმენი, ლორენი, ან რა მნიშვნელობა აქვს,
ის მაინც არსებობს, უნდათ თუ არა ადამიანებს.

ბანგკოკი, ტაილანდი 2008

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: