Jerald Newman

დადუ დადონი – გაკვეთილი

In Uncategorized on January 21, 2010 at 10:20 pm

        ერთ საღამოს დრო შინ გვიან დაბრუნდა. წამი მოიხადა- საკიდზე მიაგდო, წუთი გაიხადა, დღეები საწოლთან მიყარა, საათი, კვირა, თვე და წელიწადი რიგ-რიგობით გადაკიდა სკამზე და საუკუნის ამარა საწოლში შეწვა. შეწვა და ღრმა ძილით ჩაეძინა. დრო დაიღალა. დრო გაჩერდა, დრომ დაიძინა…
. . . ფართო საკლასო ოთახში წელში მოხრილი, დაბერებულ-დანაოჭებული, ათასგვარ ძონძით შეფუთული შემოვიდა. ხელში ჟურნალი ეჭირა და ტაატით მიაბიჯებდა თავისი მაგიდისკენ. მოწაფეები ფეხზე წამოდგნენ.
-დასხედით!
 მერხებისა და სკამების თანადროულმა ჭრიალმა ყურთასმენა წაიღო. შემდეგ ისევ ჩაწყნარდა ყველაფერი.
          მასწავლებელმა ჟურნალი გადაშალა, სათვალე მოიმარჯვა და სიის ამოკითხვას შეუდგა:
-აბაშიძე მიხეილ.
-ვარ.
         მერხი კვლავ გაჭრილდა და მეორე რიგის ბოლოდან ახმახი მამაკაცი წამოდგა.
 -ხარ თორე შენც ახლა, წინა კვირის ორიანი გაქვს გამოსასწორებელი, გახსოვს?
 -კი, მახსოვს, კი- თავი ჩაღუნა მიშამ.
-მერე აკეთებ რამეს ამისთვის?
-ვცდილობ პატივცემულო.
 -მეტად ეცადე, გავიდა ცხოვრება. დაჯექი… ბექაური მაკა!
 -გახლავართ- პირველივე მერხიდან მერცხალივით წამოფრთხიალდა ახალგაზრდა გოგონა.
-მაკა, მაკა, მაკაააა…- ჩააშტერდა ჟურნალს სათვალიდან მასწავლებელი- შენ ყველაფერი რიგზე გაქვს, ჯერჯერობით, თუმცა ხომ იცი თითო წიხლი მაინც ყველას ხვდება.
 -ვიცი პატივცემულო.
-ასე რომ მზად უნდა იყო, ჭკვიანი გოგონა ხარ შენ, დაჯექი.
მაკას შექება ეამა და მკვირცხლად ჩამოჯდა.
 -გაბისონია მაყვალა. მოულოდნელად საკლასო ოთახის ბოლოდან მოსწავლე ნოდარ ტატიშვილმა აიწია ხელი.
-გისმენ ნოდარ…
 -შეიძლება რაღაც მოგახსენოთ?
-ბრძანეთ!
ნოდარი მერხის რიგებიდან გამოძვრა და მასწავლებელს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მასწავლებელი ჯერ შეცბა, შემდეგ კი იგივე გამომეტყველება მიიღო და ჩაილაპარაკა: -ისე დრო კი იყო, მაინც აღარაფერი ეშველებოდა. ასაკი შემახსენე მისი?.. -ოთხმოცდახუთი.
 -კარგი ნოდარ, თავისუფალი ხარ,- მასწავლებელმა ჟურნალში კალმით რაღაც გადახაზა და განაგრძო
– მიქელაძე დავით.
-ვარ.
-დაბრძანდი.
– დავით თქვენ დღეს ტესტი გაქვთ დასაწერი.
 -ტესტი?- შეჰკადრა დათომ. მასწავლებელი გააოცა მოსწავლის შეპასუხებამ და უმალ სათვალე მოიხსნა.
 -რამე გაურკვევლად გამოვთქვი ბატონო დავით? ორმოცდაორი წელია არაფერი დაგიწერიათ, მერე მოდიხართ და ჩემთან ჩივით. გამომართვით ტესტი!- სქელი თაბახის დასტა გაუწოდა. დავითმა მორჩილად გამოართვა, ადგილს დაუბრუნდა და წერას შეუდგა.
 -ნებიერიძე გიორგი.
-ვაააარ მას, – მესამე რიგის მეოთხე მერხიდან ზანტად წამოიზლაზნა ბეჭებში მოხრილი ახალგაზრდა თვალების სრესვით.
 -ვაი შენს პატრონს, გამოდი დაფასთან! გიორგი ასევე ზანტად და სახის სრესვით გაემართა დაფისკენ, თან თავისთვის ლუღლუღებდა: “აუ, ისევ მეე მას”…
 -გამოადგი ფეხი!-
დაუბრიალა თვალები მასწავლებელმა. გიორგი დაფასთან დადგა. -დაიწყე!- ბრძანებით მიმართა.
-აუ მას, კარგით რააა…-დაიწუწუნა გიომ.
-დაიწყე!-მწარედ გამოსცრა კბილებში მასწავლებელმა და მაგიდას “ლინეიკა” გადაუჭირა. გიორგიმ ამოისუნთქა და დაიწყო: -…დღესაც ვეჩხუბე დედას, მამას ვაგინე და სახლიდან გამოვიქეცი. მერე ძმაკაცებმა ისევ გავიკეთეთ, როგორც გუშინ და მას ახლა ისეთ კაიფში ვარ, სულ რომ თავით ჩამომკიდოთ, ვერაფერს გავიგებ…
-მაშ ვერ გაიგებ არა?!. აბა დავიწყოთ! თუთბერიძე პირველი ხარ, გამოდი.
-მას მეეე?- შეშინებული წამოდგა სკამიდან ჩვიდმეტიოდე წლის ლამაზი გოგონა.
-ჰო, შენ, უკვე დროა მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირო.
გოგონა დამორჩილდა.გამოვიდა,გიორგის წინ დადგა, თვალებში ჩახედა, ტუჩები უცნაურად მოკუმა, ააცმაცუნა და მთელი ძალით სახეში შეაფურთხა. გიომ თვალები დახუჭა და ზიზღით ჩამოიწმინდა ნერწყვი ცხვირ-პირიდან.
 -შემდეგი!- სახაზავი დაარტყა მაგიდას მასწავლებელმა.
-ჩაჩავა, გამოდი! ოცდახუთიოდე წლის გელა მერხიდან წამოდგა, სწრაფად მიეჭრა გიორგის და მუცელში მუშტი უთავაზა.
-შემდეგი, სწრაფად! ამდენი დრო არ მაქვს, ქოქოსაძე!
 დათო პანღურით შემოიფარგლა. თამომ- “შეგარცხვინე!” გიგამ- წიხლი. სალიმ- ფურთხი. ოთომ- “არაკაცი” თაზომ- წკიპურტი. ნათიამ- “უსირხვილო” ასე დაიარა კლასმა და ყველამ თავისი უთხრა გიოს. ბოლოს მასწავლებელმა შერცხვენილ მოსწავლეს ქეჩოში ხელი მოჰკიდა და უთხრა: -მერამდენედ გიორგი?.. ტირილამდე მისული ვაჟი მუდარით შესციცინებდა მასწავლებელს და ჩუმად იმეორებდა ხელებდაკრეფილი: “აღარ ვიზამ, აღარ ვიზამ”… -გვიანია უკვე, გასწორდი მხრებში! გიორგი გაიმართა და შიშით შეხედა. მასწავლებელმა უეცრად ხელი მოიქნია და  სილა გაარტყა. გიორგი დაეცა.
-თავისუფალი ხარ, გადი!!!
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. გიორგი ნელ-ნელა მიფორთხავდა კარისკენ და მალევე გაუჩინარდა. მასწავლებელი მაგიდას დაუბრუნდა.
 -ცირეკიძე თემურ.
-ვარ.
-ვიცი რომ ხარ, დავალება მომიტანე?
 -კი მას, მოგიტანეთ.
 -მაჩვენე. თემო მასწავლებელს მოწიწებით მიუახლოვდა და სქელი რვეული გადასცა. —-ყველაფერია?
-კი პატივცემულო, ზედმიწევნით აღვწერე ჩემი ყოფის ყველა ეპიზოდი 2000-2005 წწ-ებში.
-კარგი, სახლში გავეცნობი და პასუხს შემდეგ გაკვეთილზე გაგაგებინებ. დაჯექი. მასწავლებელმა ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო და მოულოდნელად წამოიძახა: -დავით, ტესტი დამიბრუნე.
 -მას, ბოლო კითხვა დამრჩა და ვერ ვწერ, პასუხი არ ვიცი.
 -წაიკითხე.
დავითი წამოდგა და კითხვა დაიწყო: -ამოხსენით ამოცანა: მიდიხართ თქვენთვის. ხედავთ ვიღაც გიახლოვდებათ და უმიზეზოდ ხელს გირტყამთ, უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. რას მოიმოქმედებთ? პასუხი დაასაბუთეთ. -მერე ბატონო დავით, ორმოცდაათი წლისა მოიყარეთ და მაინც ვერ ჩაწვდით პასუხს? დავითი დაიბნა, უხერხულად დაუწყო მერხის კიდეს ფრჩხილით ფხაჭნა და გაუბედავად ამოილუღლუღა: -მე…ო…რე… ლოყას მივუშვერ. -თქვენგან არაფერი გამოვა ბატონო, არაფერი. ნათია, სწორი პასუხი! ნათია წამოდგა და სხაპასხუპით მიაყარა: -მეც დავარტყამ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაც გადამთელავს და დამაბეჩავებს. -დაჯექი ნათია. უეცრად ზარი დაირეკა. კლასში ყველა შეიშმუშნა. -თავისუფლები ხართ. მაკა მოდი ერთი წუთით. მოსწავლეები ერთმანეთს და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. მაკა მიუახლოვდა მაგიდას: -გისმენთ. -მაკა ეს ფუცელი გამომართვი და ცხრილის ქვეშ გააკარი. -კარგით.- მაკამ ფურცელი ჩამოართვა და ცხრილის ქვემოთ გააკრა. ცხრილი ერთი გაკვეთილისგან შედგებოდა, დიდ თაბახზე ფართო ასოებით ეწერა: ც ხ ო ვ რ ე ბ ა. მაკას მიერ გაკრულ ფურცელზე კი: “გარდაიცვალა გაბისონია მაყვალა. პანაშვიდები გაიმართება 27,28 ნოემბერს, დაკრძალვა 29 ნოემბერს, მისამართი იკითხეთ დეკანატში.” საკლასო ოთახი დაცარიელდა. ცხოვრებამ ჟურნალი და “ლინეიკა” იღლიაში ამოიდო და მორიგ საკლასო ოთახს მიაშურა. . . . დრომ თვალი გაახილა. გაჩერებულ მაღვიძარას დახედა და საწოლიდან წამოხტა. “ჩამძინებიაო” გაიფიქრა: წელიწადი სასწრაფოდ ამოიცვა, წუთი მოიცვა, თვე გადაიცვა, საათი მოისხა, დღეებში ფეხები ტუცა, წამი დაიხურა, კვირით ყელი კარგად შეიფუთა და სახლიდან გავარდა.
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: