Jerald Newman

დადუ დადონი – ბოლო კადრები როზმარი ბატსონის ცხოვრებიდან

In Uncategorized on January 25, 2010 at 8:15 pm

“All the lonely people, where do they all come from, All the lonely people, where do they all belong”.       –

The Beatles

         ჩვეულებრივად გათენდა 905 S Pollard Street-ზე, სადაც როზმარი ბატსონი მარტო ცხოვრობს ორსართულიან სახლში.
 ქვრივია. ქმარი ოცდაათი წლის წინ გარდაეცვალა და ამბობენ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ კაცი აღარც ჰყოლია, თუმცა, ვინ იცის. ძაძებით მოსილი ქალია. არც ისე მშვიდად იღვიძებს დილით დასრესილ საწოლში. არითმია აქვს. ხელმარჯვნივ, ტუმბოზე უამრავი წამალი უწყვია ჭიქა წყლით (მთელი ღამით ნადგომ წყალს პატარა ბურთულები ადგას ჭიქის ნაპირებზე).
        ამ დილითაც ჩვეულებრივ იღვიძებს. თვალებს ახელს, რაიმე საშინელი სიზმარი თუ ნახა კვლავაც. ხელის ფათურით იღებს ჭიქას და საჭირო წამლებს ეძებს. ბალიშების მეშვეობით ზემოთ იწევა და დანაოჭებული თითებით აბებს ღრმად იტენის ხახაში, რომ სულმოუთქმელად გადაყლაპოს.  ჭიქას ადგილზე აბრუნებს. თავს უკან აგდებს და თვალებს რაც შეიძლება მაგრად ხუჭავს, -ღრმა ამოსუნთქვით.
         კედლისკენ ძილი არასდროს ყვარებია, მაგრამ, რაც ქმარი მოუკვდა მას შემდეგ MR. ბატსონის ადგილზე სძინავს. ამბობდნენ ძალიან უყვარდათ ერთმანეთიო, შვილი კი ვერა და ვერ შეეძინათ. ახალგაზრდა როზმარი ლამაზი არა, მაგრამ მიმზიდველი ქალი ყოფილა. არ ვიცი მიმზიდველს რას ეძახდნენ მის ახალგაზრდობაში ან მისი თაობის ადამიანები, მაგრამ ახლა მიმზიდველის არაფერი ცხია; 15-20 წუთი წევს გაუნძრევლად, წამლების დალევის შემდეგ. გეგონება მიიცვალაო. ფერმკრთალი სახე აქვს და ჩავარდნილი, ცისფერი თვალები, რომლებიც ასაკთან ერთად სულ უფრო გაუღიავდა. ტუჩები აღარც ეტყობა, ნაოჭებმა სულ დაუღარა ცხვირიდან- ნიკაპამდე, ფერიც წაართვა. 15-20 წუთი გადის. წამლებიც მოქმედებენ. როზმარიც ნელ-ნელა დგება. ოქროსთავიან ჯოხს ხელს აჭდობს და დაკუჭულ ფეხებს ფუმფულა ჩუსტებში აცურებს. მთელი ძვლებით ეყრდნობა ჯოხს, წამოდგომის შემდეგ მცირე ხნით კვლავ ჩერდება (როგორც ჩანს, თავბრუსხვევა აწუხებს).
       აუჩქარებლად, ნელი ტემპით საპირფარეშოში გადის. ხელ-პირს იბანს. მცირე ხანში კვლავ ოთახში ბრუნდება და სარკესთან ეშვება. ერთხანს უხმოდ უყურებს საკუთარ გამქრალ ნაკვთებს, თვალებში უყურებს საკუთარ ორეულს და არც კი სუნთქავს. შემდეგ მზერა MR. ბატსონის და თავის ფოტოზე გადააქვს და წყლიანი თვალებით იწყებს ყოველდღიურ ტუალეტს: ჯერ დიდი რაოდენობით კრემს იზელს ჩამორეცხილ ლოყებზე. თეთრი მასა ნაოჭსა და ნაოჭს შორის რჩება. მათ გასანეიტრალებლად მონდომებით შლის და კეცავს ღაწვებს ხელისგულებით. ახლა დიდ ფლაკონს ხსნის, სადაც სურნელოვანი თეთრი პუდრა აქვს. თვალებს ხუჭავს, ტუჩებს კუმავს და მთელ სახეზე, უხვად იცლის ჰაეროვან მასას. (ისედაც გაფერმკრთალებული ქალი მიცვალებულს ემსგავსება სრულებით) თვალებს ახელს, ტუჩებს ადუნებს და სახეზე ღიმილი ეფინება, თითქოს გაახალგაზრდავდაო, (ალბათ ასე ეჩვენება). ხელის გულებს ერთხელ კიდევ ისვამს სახეზე და შემდეგ ერთიანად სულს უბერავს მაგიდას. ახლა ბოლო შტრიხებიღა დარჩა: წითელი პომადა და საყვარელი სუნამო, რომელიც აგერ უკვე 20 წელი იქნება არ გამოუცვლია. ტუჩებს მცირედი ფერი ეძლევა და როზმარი ბატსონიც კმაყოფილია. დილის ტუალეტი დასრულებულია. მაჯებზეც საყვარელი სუნამოს არომატი აქვს, რომელიც უფრო წლებში გამჯდარ სუნს გაგონებს ამ ადამიანის სახით, სუნამოს სასიამოვნო ეფექტამდე თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი უკლია… როზმარი დგება და კარადასთან მიდის, რომელიც სავსეა წლების მანძილზე ნაგროვები შავი კაბებით. ერთი შეხედვით, თითქოს ყველა ერთნაირია: გრძელი, დახურული, შავი, მაგრამ თუკი უკეთ დააკვირდები შეამჩნევ, ზოგი ყვავილებით არის გაწყობილი, ზოგი ნაქარგებით, ზოგს მძივები აყრია. ერთ-ერთ კაბას ირჩევს კარადიდან და საწოლზე აფენს აკურატულად. შემდეგ ღამის პერანგს იხდის ნაზად, რათა სახე არ შეახოს. ლამაზად კეცავს და ბალიშის გვერდით დებს. იღებს შავ ჩულქებს, გაცრეცილ, შავ ლიფს და თავის დამჭკნარ მკერდს შიგ ათავსებს. ბოლო-ბოლო კაბის ჩაცმაზეც გადადის და დიდი სიფრთხილით ყოფს თავს საყელოში (რათა არ დასვაროს). შემდეგ უკანა ღილების შეკვრას იწყებს. საგრძნობლად უჭირს. განსაკუთრებით წელს ზემოთ, ხერხემალთან, მაგრამ მაინც ბოლომდე მიყვება. ახლა დაბალქუსლიანი ლაქის ფეხსაცმელები გამოაქვს საწოლის სიღრმიდან და მშვიდად კრავს გადასაბნევს ორივე ტერფზე. შემდგომ დგება, გასაღებს იღებს, ოთახიდან გადის და კარს კეტავს. მეორე სართულიდან კიბეებზე ჩადის ჯოხით ხელში (დიდი სიფრთხილით). რა ხანია სურს საძინებლის პირველ სართულზე გადმოტანა, მაგრამ ვერ ელევა თავის ოთახს. ბოლო საფეხურსაც ჩადის და ვინ იცის, გულში უხარია, რომ არც დღეს დაგორდა კიბეებზე და კვლავ ცოცხალია.
         კართან მდგომი საკიდიდან შავ შლიაპას, შავ ქოლგას და შავ ჩანთას იღებს და მშვიდად გადის სახლიდან. ჯერ გზად, Pollard Street-ის 901-ში საფუნთუშეში ისაუზმებს ჩვეულებისამებრ და შემდეგ ბიბლიოთეკაში წავა.- დილიდან სურს ჯეინ ეარის უკვე მე-12დ გადაკითხვა. სახლში ვერ კითხულობს, ბიბლიოთეკაში სხვა გარემოა. აუღელვებლად მიაბიჯებს ნისლიან დილით, ქოლგით ხელში… როზმარი ბატსონი ისევე მშვიდად მიიცვალა ბიბლიოთეკის სკამზე, როგორ მშვიდადაც ამ ყველაფრისთვის მთელი დილა ემზადებოდა. იგი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დასაფლავებაზე ზუსტად ხუთი ადამიანი მივიდა: მამაო -გრეგორი, მეფუნთუშე -გორდონ ბაკლი, ბიბლიოთეკარი- შერი როჯერსი, მისი მეზობელი -ჯოანა პრესკოტი და მომვლელი ქალი- ლუსი. არავის უტირია, მშვიდად წავიდა ამ ცხოვრებიდან. უკვე აღარავის ახსოვს 905 S Pollard Street-ზე მცხოვრები ქვრივი,- როზმარი ბატსონი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: