Jerald Newman

ჯერალდ ნიუმანი – ლოლა და ორი სხვა

In Uncategorized on July 26, 2010 at 9:11 am





ედინბურგი

I

– შენ სხვანაირი იანი იქნებოდი
– რა თქმა უნდა, უფრო დიდი და ლამაზი,
– და უფრო სარკასტული
– სწორი შენიშვნაა.
– ვერავინ გაგაგდებდა სახლიდან, არც წერილებს მისწერდი ვინმეს.
– ხო, რა თქმა უნდა, მე უფრო მაგარი  ვარ, ვიდრე ეგ შენი იანი.
– არა,
– კი
– არ მომწონხარ მე შენ.
– არც მე მომწონხარ
– შენი დახრჩობა მინდა.
– მეც მინდა დამახრჩო, მიყვარს შენი პატარა ხელები.
– არასდროს შემიყვარდები.
– გინდა წავიდე? ვიცი არ გინდა მაგრამ, მაინც მიპასუხებ წადიო.
– ვერ გიტან, მაგრამ დარჩი,
– ყავა გინდა?
– ზოგჯერ შენთან ძალიან თბილა, მარტო მაშინ, როცა ასე მიყურებ.
– ხო, თბილა, თვეში ერთხელ, გაზის გადასახადს 28 ში ვიხდი.
– ისევ გააფუჭე ყველაფერი.
– რა რომანტიკაა, გარეთ არ წვიმს, ვერ ხედავ?

საწოლზე მიგდებული იან ანდერსონის ბიოგრაფიის ფურცვლა, იქვე წამოწოლილ სიამის კატა ჰამსუნსაც მოსწყინდა, სიყვარული ხანდახან ბევრ კითხვას აჩენს, თუნდაც ისეთს, რომელზე პასუხიც, არავინ იცის ღმერთის გარდა. როცა ყველა შეკითხვა იკარგება, რჩება მხოლოდ ერთი,
ხშირად ზედმეტი, არაფრისმთქმელი, მაგრამ მაინც, “თანახმა ხარ თუ არა? “

როგორც იქნა,  ეს საქორწინო კაბა, დედას ეცვა ჩემამდე, რა  ბედნიერი იყო ალბათ, მამაჩემს დღემდე შემორჩა ახალგაზრდული სიხალასე და ხიბლი , მე მგავს, ყოველთვის უფრო ახლოს ვიყავი მასთან, ქალბატონი მევერიკი ცოტა სნობია, ალბათ ოჯახიდან გამოჰყვა.

ეკლესია უკვე შევარჩიე, გზად ის პარკი უნდა გავიაროთ სადაც ბავშვობაში მე და მამა ვსეირნობდით, ახლაც არ სჯერა რომ გავიზარდე და მისგან მივდივარ, ხშირად ვსხდებოდით აი, იმ სკამზე, მეეზოვეებს ვესაუბრებოდით, ბატონი მევერიკი ტკბილეულს ყდულობდა, მე ზღაპრებს ვუყვებოდი, ყურადღებით მისმენდა, ისე, როგორც მამა ნიკოლასს უსმენენ მოხუცები,  საზეიმო წირვების დროს.

-ჰილდა, ყველაფერი მზად არის?
-კი, მაგრამ ჯერ ვერ გამრკვევია, რომელია უფრო ლამაზი, თქვენ, თუ დედათქვენი 25 წლის    წინ.
-რა თქმა უნდა ჩემი ლოლა უფრო ლამაზია, რა თქმა უნდა.
-დედა, დღეს ნამდვილად ჩემი დღეა.
– ხო, შვილო, ალბერი უკვე მზად იქნება ალბათ, ერთი სული მაქვს როდის გნახავ საკურთხეველთან.

ედინბურგს ერთი თვისება აქვს, აქ ყველას ენატრება ვიღაც, ან უბრალოდ უნდა რომ ენატრებოდეს, იმიტომ შეიკრიბა ერთად ამდენი გადარეული, მთელი მსოფლიოს სყვარული ვერ გადაწონის წითური შოტლანდიელების გიჟურ სურვილებს.

“ალბერ, წავედით სახლში, უკვე გვიანაა, დედა ინერვულებს.” 
-დედა, მოვედი, დედა….

აღარც მახსოვს, როგორ ჩავარტყი ფაიფურის ვაზა დედას საყვარელს, ამაზრზენი სანახავი იყო სისხლში მოთხვრილი ბანჯგვლიანი მძღოლი, რომელსაც ალბათ ცოლიც კი არ კადრულობდა, არ დამავიწყდება როგორ ვეხუტებოდი ძიძას, “გულში ალბათ უხაროდა”, ამას მერე მივხვდი, როცა გავიგე,  როგორ გადაბარგდა მამაჩემი საცხოვრებლად მასთან.

დავრჩი მარტო, დედა საერთოდ არ მელაპარაკებოდა, ბოლოს გალოთდა და კენტერბერის საგიჟეთში უკრეს თავი, დიდად არ განვიცდიდი, მიჩვეული ვიყავი საკუთარი ნერვების გამოცდას.
ოცდასამის ვიყავი როცა ოქსფორდის სამხატვრო სკოლა დავამთავრე და ლოლაც იქ გავიცანი, პრაქტიკული კურსის გავლისას, მოკლედ ტიპური სასიყვარულო ისტორია განვითარდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ბრიტანეთის მოსახლეობის 80 პროცენტისთვისაა დამახასიათებელი.
ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი ჩემმა მშობლებმაც, დღეს პირველად და უკანასკნელად გავხდები ცოლიანი კაცი, მერე შვილები მეყოლება, იმდენი, რამდენსაც ღმერთი მომცემს,
50 წლის გავალ პენსიაზე და მშვიდად დავამთავრებ ცხოვრებას, სადმე, მანჩესტერის, ან პორტსმუთის მშვიდ უბანში.

“ლოლა, ალბერ, დღეიდან ცოლ-ქმარი ხართ უფლის წინაშე”.

ედინბურგი მეორედ       

II      

ედინბურგის ცენტრი, სადაც ხალხმა თავისი ადგილი უკვე იპოვნა, ან დაეძებს მომავალი ბედნიერების დაკარგულ გასაღებს.  თითქოს ათპენსიანი მონეტასავით შეიძლება ჩამოვარდეს წართმეული სიყვარული, ან თუნდაც, მომგებიანი ლატარიის ბილეთი მდიდარი ვაჭრის საფულიდან და რიყის ქვებით გასუქებულ ტროტუარზე დაეცეს, თან ისე რომ, ხმაც კი გაიგონოს, აივნიდან მომზირალმა ოთხმოცი წლის მოხუცმა.

გამოფენები სავსეა უნიჭო მხატვრების ნამუშევრებით, თვალს თითქოს აღარც ენატრება ჭეშმარიტი, ხალასი ბრიტანული ფერწერული ტილოები, რომლებიც არასოდეს ყოფლა ისეთივე პოპულარული სნობურ საზოგადოებაში, როგორც იაფფასიანი ჰოლანდიელი მხატვრების უაზრო ნაჯღაპნები.

-უნდა წავიდე, ასე აღარ შემიძლია, რამდენი ხანი შეიძლება ერთი და იმავე სახის ყურება ყოველდღე, ბავშვი ვეღარც მცნობს ალბათ, ეს ნახატები მაინც იყიდებოდეს.
– კი მაგრამ, სად აპირებ წასვლას?  აქ ოჯახი გყავს.
-ოჯახი ? რა ოჯახი ? უნდა ნახო როგორ მხვდება ლოლა, ვიცი ყველანაირი იმედი დავუკარგე, რატომ დავიწყე, ეს ჭირია, რომელსაც ვერასდროს მოვიშორებ, არც ნებისყოფა მაქვს, მთელი ქონება ამ გალერეაში მაქვს ჩადებული, არადა ვის არგია? კვირაში ას ფუნტს თუ ვიშოვნი და ისიც წამალში მიდის.
-სად აპირებ წასვლას?
-ციმბირში. >>

“კენტრბერის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან  წერილი მოვიდა, დედაშენი გარდაიცვალა, პარაკევს დაკრძალავენ იქვე, ადგილობრივ სასაფლაოზე, ორშაბათს ადვოკატი ანდერძს წაიკითხავს.”

ედინბურგს კიდევ ერთი ჩვევა აქვს, ადამიანი მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, მორწმუნე თუ ათეისტი, ყველა თანაბრად აღიარებს კანონის უზენაესობას.

“ბოდიშს ვუხდი ალბერს, ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს, რომელსაც არასდროს ვუყვარდი, ვიცი ჩემი პატიება არ შეგიძლიათ, მაგრამ მე ყოველდღე ვილოცებ თქვენი ბედნიერებისათვის.”

<<-ციმბირში ? რატომ ციმბირში? ეს რა აკვიატებაა?
  – დედამ ბაბუას კუთვნილი რკინის საბადო დამიტოვა, წავალ ცოტა ხნით, დავხედავ, ხომ იცი,  აღარავის უნდა ჩემი გაძლება აქ.

  “წავიდეს დედა, წავდეს, ოდნავ მაინც რომ ვუყვარდეთ მე და სამუელი, სულ ცოტა მაინც რომ აღელვებდეს ჩვენი ბედი, აღარ გაეკარებოდა იმ საწამლავს, ჩვენს თავს თავადაც კარგად მივხედავთ, დაიღალა ბავშვი, მიკვირს როგორ ვერ ხედავ ამას”

დედა ალბერის წასვლის წინააღმდეგი იყო, აქამდეც გითხარით, ცხოვრებაზე ცოტა სხვანაირი შეხედულება ჰქონდა, ისევ სჯეროდა გადამლაშებული ფასეულობების, რომლთა გამოც ბედნიერებასაც კი დაუფიქრებლად დათმობდა.
მუშაობა დავიწყე, მამა დამეხმარა, ბევრი მეგობარი ჰყავს, ყველას ძალიან უყვარს, სპარსულს ვასწავლი გლაზგოს აღმოსავლური ენების ცენტრში, ყოველ დილას ერთი ბიჭი მხვდება, ისე მიყურებს თითქოს ძველი ნაცნობი ვიყო, ასეთი შეგრძნება აქამდე არ მქონია, ქმარს ცოტა ხნის წინ დავშორდი,რატომ ვფიქრობ ვიღაც უცნობზე? თან პატარა ჩანს ჩემზე. ძალიან უხდება შავი პალტო, მამასაც ჰქონდა ადრე ასეთი.

-მისს, მე რეინოლდი ვარ, თქვენ შეგიძლიათ რეი დამიძახოთ.
-რატომ უნდა დაგიძახოთ საერთოდ რამე? თუ ვერ ხვდებით აგიხსნით რომ ქუჩაში ვართ,
ავტობუსის გაჩერებაზე, დილის ცხრა საათია, ასეთ დროსა და ადგილას, არასდროს მიჩნდება საუბრის სურვილი, მითუმეტეს უცნობებთან.
-კარგით, მაპატიეთ, უბრალოდ ყოველდღე გხვდებით და გამარჯობის თქმა მომინდა.

შემეცოდა, ძალიან უხეშად მოვექეცი, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა, მე შვილი მყავს, ღირსეული ადამიანი ვარ, აბა რა გამოვა ყველა გამვლელს რომ გამოველაპარაკო?

-გამარჯობა რეი, მე ლოლა ვარ, მაპატიე, ცოტა დავიბენი გუშინ, იმედია არ გეწყინა.
-არა ლოლა, სასიამოვნოა შენი გაცნობა. 

ედინბურგიში კი, არაფერი იცვლება, ალბათ იმიტომ რომ ხალხი ისეთივეა როგორც ათასი წლის წინ, არავინ ფიქრობს უსაცვლებოდ სიარულს დადებითთან ერთად, რამდენი უარყოფითი მხარე აქვს.

ედინბურგი, მესამედ
III
                                                         

“ფრანგული იცი?
რამდენჯერ  გავიმეორო, ფეხსაცმელი შემოსასვლელში გაიხადეთ.
ფრანსუა, წყალი გააცხელე, ქალბატონი ლაკრუა მოდის”.

გამორთე ტელევიზორი, არ მოგწყინდა?
მე ბარში მივდივარ, შვიდ საათზე მოვალ და ჭადრაკი ვითამაშოთ.

ჩემი მეგობარი ლოლა,
ყოველთვის ქუჩის კუთხეში მხვდებოდა, მაშინ არ ვიცნობდი.
საშინელი ქალაქია ედინბურგი, ვიწრო ტროტუარებზე რთულია შემხვედრს ისე ჩაუარო თვალებში არ შეხედო.
სახლიდან ერთად გამოვდიოდით, თითქმის ყოველთვის, ზოგჯერ აგვიანებდა, მაგრამ ველოდებოდი, ბოლოს სახელი ვკითხე,
დიდი ფიქრი დამჭირდა,ბევრი ვინერვიულე, მამაჩემიც ჩემნაირი მორცხვი იყო.

“ნამდვილი იდიოტია ეს კაცი, კიდევ კარგი ბავშვი დედას დაემსგავსა,” – პირველად ეს ფრაზა გავიგონეთ კინოთეატრში.
მერე ვაკოცე.  ჩასუქებულმა კაცმა ეკრანიდან,  ხელი აიფარა ჩაცვენილ თვალებზე.

“არაფერი შეცვლილა, გაერომ  ძალა დაკარგა,  როგორც ერთა ლიგამ ერთ დროს, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშეა, ჩვენი გადასაწყვეტია როგორ საუკუნეში ვიცხოვრებთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი მომავალი, ხმა მიეცით ტონი ბლერს, ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას, გფარავდეთ უფალი” – ვფიქრობ და მიკვირს, როგორ არ მაინტერესებდა ეს ყოველივე მაშინ, კენტუკი სთრითზე. 604 ოთახის აივანზე.
ლოლას სიმაღლის ეშინია, მეოთხეზე ცხოვრობს…

ყოველთვის აქ მოვდივართ, კაფე ქუჩის ბოლოს, `Dead End  ასე ჰქვია.  მე ჩემი ხელფასით ვერაფერი ჯენტლმენი ვარ, ამიტომ არ მიყვარს უცხო ადგილებში სიარული,

ლოლა პატარა გოგოა, მერე რა რომ ათი წლით ჩემზე უფროსია.

-ბაბუაჩემი ჰიტლერის გენერალი იყო,
-ბაბუაჩემი სტალინის,
-ბებიაჩემი  ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი,
-ბებიაჩემი ებრაელია,
-მე უფრო ლამაზი თვალები მაქვს,
-მე აღარ გელაპარაკები,
-შენი ქმარი იდიოტია.

ჯიუტია, როცა ბრაზდება სიგარეტს ეწევა, იცის არ მიყვარს, მაგრამ მაინც, მე აივნიდან ვიფურთხები,
დაბლა ლოლას დეიდაა, შევრიგდით.

პირველად ამ ადგილას ვნახე, მახსოვს თევზები ზუსტად ასე იყურებოდნენ აკვარიუმიდან, ნახევრად სევდიანი თვალებით. მუხლებამდე კაბა ეცვა, მოკლე გეტრები,  გაჩერებამდე ვდიე,  ვითომ ვერ მამჩნევდა.

-დიახ, მეც გიყურებდი, არ უნდა შემომეხედა?
-უნდა შემოგეხედა აბა რა, ჩემზე უკეთესი ვინმე გინახავს?
-გგონია მომეწონე? შენი პალტო მომეწონა, უფრო სწორად მეცნო, მამაჩემს აცვია ზუსტად მასეთი, ჯარის დროინდელ სურათებზე.

მე ხომ ვიცი რომ მოვწონდი…

ბარში მივდივარ, მეგობრებს ვხვდები, რამდენი ხანია ბარმენთან ჯეიმს ჯოისის მიერ  ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი არ აღმინიშნავს , ცნობისათვის, ჯოისზე ლაპარაკს ხუთი ჭიქის შემდეგ ვიწყებ, იშვიათად, მაგრამ  ფრანგულ მატერიალიზმამდეც მივსულვარ, რამდენიმე ასეთი შემთხვევა, სამუდამოდ დარჩა ჩემს შარვალზე.

მე, ჯეფრი და რალფი ბილიარდს ვთამაშობთ, მერე რა რომ თამაში არ იციან.

“მსოფლიო პოპის დედოფლის ტურნეს მოლოდინშია, მადონამ ეს-ესაა გამოუშვა თავისი ახალი ალბომი, რომელიც უკვე ჩაუდგა ბრიტანულ ჩარტებს სათავეში, მეორე ადგილზეა უაით სტრაიპსის სიმღერათა კრებული სახელად  Icky Thump, -როგორც მეგ უაითმა განაცხადა”.. –  მნიშვნელოვანია, თუნდაც საერთოდ არ გაინტერესებდეს მუსიკა..

– ლოლა რომის პაპმა დამირეკა იცი ?
-რაო? რა უნდოდა?
-არაფერი, მოგიკითხა, ხო იცი მაგასაც უყვარდი ადრე.

“სიმთვრალეში ბოდვა, ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ”.

სამმა კაცმა ძლივს ამიყვანა კიბეზე, ჰაინრიხ ჰაინეს მეოთხე კრებული თითქმის მთლიანად გავიხსენე გზაში.

მაინც რამდენი მიზეზია იმისათვის რომ სახლში დარჩე……

“ფრანგული იცი?
რამდენჯერ  გავიმეორო, ფეხსაცმელი შემოსასვლელში გაიხადეთ.
ფრანსუა, წყალი გააცხელე, ქალბატონი ლაკრუა მოდის”.

გამორთე ტელევიზორი, არ მოგწყინდა?

ყველაფერი აქედან დავიწყე, მგონი  წასვლას ვაპირებდი,  ალბათ გადავიფიქრე.
მაინც არ იციან ბილიარდის თამაში.

ეს ჩემი ოთახია, ეს ლოლაა, გარეთ,  შემოდგომა და ედინბურგი,  ისე იქცევიან, თითქოს წვიმა არ ენახოთ,
გვიყვარს წვიმის დროს ფანჯრის რაფაზე ჯდომა, გვიხარია როცა ჩვენი მეზობელის,  ქალბატონი როსის, ქოლგა სახლში რჩება,  სველი მეზობელი, ბატიბუტის სუნი და ჯერემი აირონსის დაჯღანული სახე, მარტო ამის გამო ღირს ამ ქალაქში ცხოვრება.

ბავშვი სკოლიდან არ მოსულა,
” ჩავალ ლიმონათს ამოვუტან, შენ სადილი მოუმზადე”. –  უკვე დიდი ბიჭია, ჩემამდეც  დიდი იყო. 

სუპერმარკეტში ნაცნობი ქალი მუშაობს, ზანგია  შოტანდიური იერით.

-რა კარგია შენი ლოლა. როგორი ღიმილი აქვს, ბედნიერი კაცი ხარ შენ.
-მე რა, ცუდი ბიჭი ვარ სელინა?  ნუ გეცინება, მიასუხე.
-სამოცი ფუნტი,

კაცებს გასაგებია, მაგრამ ქალებსაც?

დაიბადა გლაზგოში, სადაც ყველა განათლებულია, სადაც უმიზეზოდ ქუდსაც არ გაიწმენდავს თავმოყვარე სკოტი,
მამა ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, დედა არ ვიცი (მერე ვკითხავ)  გაიზარდა თუ არა  მაშინვე გამოჩნდა სემუელის მამა,
ხელმოცარული და მარად პერსპექტიული მხატვარი, რომელმაც რამდენიმე წლიანი ქორწინების შემდეგ, გადაწყვიტა ციმბირში წასულიყო, ბოროტი ენები იმასაც კი  ამბობდნენ იმპოტენტიაო, მაგრამ მე არ მჯერა, მაინც გადავამოწმებდი, მაგრამ როგორ.

ჩემი შვილობილი, ყველაზე მეტად უყვარს ლოლას.

ლიმონათი უკვე მაცივარშია, ბავშვი მაგიდასთამ მე ლოლას გვერდით,  გარეთ აღარ წვიმს,  ქალბატონმა როსიმ ახალი ნამცხვარი შემოგვიტანა.
-იქნებ მათემატიკაში დაეხმარო სამუელს?
-აუცილებლად, ოღონდ ჯერ ჩამეხუტე კარგი?

“მადონას მსოფლიო ტურნე გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო, Icky Thump ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ალბომია, ტონი ბლერი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ხდება, ედინბურგის დროით სამი საათია.”

ედინბურგი, უკვე მერამდენედ
IV                                                             

ვიცი, ახლა ერთად ვართ, მე და რეი, სემუელიც მიეჩვია, მაგრამ, ძალიან ენატრება მამა, ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, საერთოდ რომ არ გაესინჯა ის, თეთრი სიკვდილი,  ალბათ ისევ ერთად ვიქნებოდით, ის ნახატებს დახატავდა, მე ფინჯან ყავას მივუტანდი, მერე დავბერდებოდით, სემუელი ცოლს მოიყვანდა, ჩვენ სადმე მანჩესტერის, ან პორტსმუთის მშვიდ უბანში გავატარებდით ცხოვრების უკანასკნელ წლებს.

ედინბურგი, ყველას უყვარს ეს ქალაქი, მოულოდნელობებითაა სავსე, მზიც ამოსვლაც კი სხვანაირია, როცა დანამულ ფანჯარას გახედავ, არ იცი წვიმის წვეთი რამდენ ხანში ჩამოგორდება ბოლომდე, არც ის იცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ბედნიერება.

-მე ალბერი ვარ, შენ ალბათ რეი არა?
-ხო, რეი ვარ, რა გინდა ალბერ ?
-არაფერი რეი, შენი გაცნობა მინდოდა, უბრალოდ მაინტერესებდა, რატომ მოუნდა ლოლას შენთან, რას საქმიანობ რეი? დარწმუნებული ვარ მხატვარი არ ხარ.
-არა, მწერალი ვარ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, შეგიძლია სემუელის სანახავად შემოიარო, მოენატრე ბავშვს.
-მეც ძალიან მომენატრა, ლოლაც უნდა ვნახო, განქორწინების საბუთებისთვის ხელი არც მოგვიწერია, ადვოკატი მელოდება.
-კარგი, როგორც გინდა, მხოლოდ საქმეზე.
-რა თქმა უნდა რეი, რა თქმა უნდა. 

და ბოლოს, ედინბურგი

V

არ ვიცი, რას ვფიქრობდი როცა ლოლას საყვარელი დავინახე, ცუდი ბიჭი არ ჩანდა, ცოტა პატარა იყო ასაკით, უბრალოდ გამიკვირდა, როგორ მოახერხა, ასე მალე მასთან დაწოლა, ორივე მომენატრა, როგორც იქნა მოვიშორე ეს საშინელი სენი, იმედი მაქვს გამიხსენებენ და ისევ მოუნდებათ ჩემთან, მე ყველაფერს ვაპატიებ, მეც ხომ ვუღალატე როცა პირველად გავიკეთე წამალი.

-შეურიგდი შვილო, რაღას ფიქრობ, ხომ ხედავ გამოსწორდა, რა გგონია რეი სამუდამოდ შენთან დარჩება? დაბერდები და წავა, ის ხომ შენზე ათი წლით პატარაა. მიეცი სემუელს საშუალება ნამდვილ ოჯახში იცხოვროს, შენ ხომ იცი მამა რამდენს ნიშნავს ბავშვისთვის.

მაშინ, გაჩერებაზე, ან კინოში, თუნდაც სახლში, არასდროს მეგონა თუ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა, dead  end ასე ერქვა იმ კაფეს, სადაც ყველაფერი მითხრა, მე მესმის, ლოლას არასდროს ვუყვარდი ისე, როგორც სემუელი, არც ისე როგორც ბატონი მევერიკი უყვარდა.  დღეს საღამოს  ბილიარდს ვითამაშებ ბიჭებთან, მერე ალბათ ბერძნულ დიალექტიკასაც შევეხები, ჯეიმს ჯოისზე ლაპარაკით დაღლილი. ამ დროს უკვე ერთად იწვებიან, ახლა უკვე მჯერა რომ “ჭორები ყოფილა” იმპოტენციაზე მოარული ხმები.

ედინბურგი, მიყვარს ეს ქალაქი, აქ ხომ ყველაფერი ტყუილია, ჩუქურთმებით მორთული შენობები მუდმივად თვითმკვლელობისაკენ უბიძგებენ გალეშილ შოტლანდიელებს, რომლებიც მათ მოწოდებას სიცილით პასუხობენ და ისე იგდებენ მასხრად, როგორც შექსპირი ეფერებოდა გარდაცვლილ ჯულიეტას, რომეოს სიზმარში.

Advertisements
  1. -მაქს,-ხო, რა იყო?-მოწყენილი ხარ მაქს?-არა, მე არ ვარ მოწყენილი.-აბა რა მოგივიდა? საჭმელს რატომ არ ჭამ?-არ მინდა ბასტი, თან გარეთ ძალიან ცივა, არ მესმის ფანჯარას რატომ არ კეტავ,-ფანჯარას? გარეთ კარგი ჰაერია მაქს, ცოტა ხანიც კარგი ?-კარგი, მაგრამ მე ვიცი, შენ რატომ არ კეტავ ფანჯარას, სულ არ განტერესებს ჰაერი, ძაღლი ვარ, მაგრამ უტვინო არა.-რატომ არ ვკეტავ ?-გეშინია,-მეშინია?-ხო, გეშინია,-რისი მეშინია,-გეშინია რომ დაკარგავ, არა, შენ იცი რომ უკვე დაკარგე, მაგრამ სანამ მის ზურგს ხედავ,იმედი გაქვს, კიდევ კარგი ჩვენი ქუჩა გრძელია.-მაქს, ფარდაც ჩამოვაფარო?-სად გარბიხარ ბასტი ? ფანჯარა მაინც დამიტოვე გიყურო.-დამელოდე, მალე მოვალ.-…სულ გაგიჟდა….:P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: