Jerald Newman

Archive for November, 2010|Monthly archive page

ჯერალდ ნიუმანი – არაფერი (მეგობარს)

In Uncategorized on November 6, 2010 at 5:39 pm

მე ძალიან მინდა მჯეროდეს ტყუილის,
რომელიც სრულდება,
გაზის კამერაში, ფობიებმა შემაწუხეს,
მღლის დაუსრულებელი კამათი შენთან,
და თემა,
რომელიც ჩვენს დაბადებამდე გაცვდა…

ბუზების ბზუილი, ნაბიჯებად მოდის გონებამდე,
თვლწინ მიდგას თეთრად დახაზული გზა,
მანქანის ფარები ხორკლიან ასფალტზე,
ნიშნები, წითელი ზოლები ტროტუარებზე,
გამვლელები,
დაბნეული სახეები და სიმპათია მზით არეკლილ გუბეში…

წვიმასავით გამქრალი სინამდვილე,
რაფაზე განაბული კატა, მწვანე თვალებით აკვირდება,
როგორ რწყავ, ყავისფერ ქოთანში ჩამალულ მიხაკს,
შენ რომ არა, ისიც,
ჩემსავით
მკვდარი იქნებოდა….

ჟანგიანი ლურსმნით მიმაგრებული დაუსრულებელი ნახატი,
მაგიდაზე მიმხმარი ყვითელი ფერი,
ძალიან დააკლდა შემოდგომის პეზაჟს,
ნუგეშია, პარკში მოსეირნე მოხუცი,
თეთრი პუდელი ცელქ ბიჭებს უყეფს…

წითელი სახანძრო მანქანა ,
გაუნძრევლად, მარტო, მოწყენილი,
მიშტერებია სარა ბერნარის პორტრეტს…

რადამანტისი უკვე მელოდება,
მხოლოდ ციფერბლატთან ვმეგობრობ,
გასული წუთები ფიქრებს ტკიპებივით ეკვრიან და ვხვდები,
რა გაუსაძლისია კედელზე მიმხმარი გაზეთი,
რომელიც საბნადაც არ გამომადგა,
შიშველი ვარ, ისევე როგორც შენთან,
მაგრამ აქ ძალიან ცივა…

გრაფიკებად გადატანილი ბედნიერების მაჩვენებელი,
მომღიმარი სახეები ტელევიზორიდან,
გვატყუებენ და,
ჩვენი მოლოდინი აშრობს ცრემლებს,
მდინარეები კი,
ისინი ისევ მიედინებიან,
აღმოსავლეთიდან დასავლეთით..

სატანა ხელებს ითბობს ჩვენი უსუსურობით,
ღაწვებამდე ჩასული მტვერი,
განძრევის საშუალებას არ აძლევს,
დაღლილ ქუთუთოებს,
ასეთ სიბნელეში არ არსებობს დროც,
სიყვარულსაც ჰქონია მიზეზი…

მესმის გაბმული ზარი,
ვიღაც უკვე ამბობს აღსარებას,
მიხარია, ჩემი რიგი არ მოსულა,
კეთრი მიჭამს ფეხებს,
კბილებიდან გაშავებული სისხლი მდის,
ვეღარ ვგრძნობ ხელებს მაგრამ მაინც,
მინდა სიცოცხლე…

ვიცი, ყველაფერი შეიძლება იყოს,
ს ხ ვ ა ნ ა ი რ ა დ..
ისე, როგორც შეუძლებელია,
მჯერა,
მხოლოდ მაშინ წამართმევს სიბრალული საკუთარ თავს,
როცა მარტოობა, ერთადერთი გამოსავალი იქნება…

გამარჯობა სარა, მე იანეკი ვარ,
მე ხვალ მოვკვდები…

Advertisements

ჯერალდ ნიუმანი – WronG!

In Uncategorized on November 6, 2010 at 5:31 pm

<<სახლი>>

არასწორია ჩემთან კამათი,
სავარძელს მიჯაჭვული თვალსაც ვერ გისწორებ,
აბები, ჩემი საუკეთესო მეგობარი
და
ტელევიზორის პულტი,
რომელიც მეზიზღება,
მიზეზი?
ყველამ იცით, შენც, დედამაც,
მამამაც, ჩვილი დოდიც ხვდება მგონი,
ეს პატარა, შავი ნივთი,
ჩემზე საჭიროა…

<<სიყვარული>>

არასწორია, ბედნიერებაზე ლაპარაკი ჩემთან,
ფანჯრის რაფასთან გაჭირვებით მისული,
ამაოდ, მაგრამ მაინც,
ვცდილობ დავინახო,
როგორ ესაუბრება ელენა მეზობლის ბიჭებს,
ბავშვები ვიყავით,
მერე ყველა გაიზარდა,
მხოლოდ მე დავრჩი,
მარტო,
როგორც მაგიდის უკან გადავარდნილი,
გაფუჭებული მუხუდოს მარცვალი.

<<თავისუფლება>>

არასწორია, თავისუფლების ღირებულებაზე ლაპარაკი,
ოთხი კედელი და ერთი კარი მყოფს თქვენგან,
კარი, რომელიც ყოველთვის ღიაა,
მაგრამ ზღურბლი,
ის ძალიან მაღალია ჩემთვის,
“ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი, უფრო თანასწორი,”
მიყვარს და მეზიზღება ამ სიტყვების ავტორი,
ადამიანები სიცოცხლეს იხანგრძლივებენ,
მხოლოდ ქილიკით,
მაშინ,
როცა ვერავინ ხვდება, რომ ბედნიერება,
სულაც არ ნიშნავს,
სხვის გარდაუვალ უბედურებას.

<<თქვენ>>

არასწორია, მედლის გადმოცემა ჩემთვის,
როცა ოქროს გადადნობაში, თქვენი ბინძური ხელები ურევია,
მაშინ ჰავაიზე ისვენებდით,
ან თბილი სავარძლიდან, მკერდსავსე ცოლებთან ერთად,
უყურებდით საინფორმაციო გამოშვებას,
სადაც ჩვენნაირ ადამიანებზე დაგეშილი,
სტიმულატორებით გაბრუებული სიკვდილი,
არავის ინდობდა…
ისიც, ვიცი, როგორ გადართეთ სხვა არხზე,
როგორ ჩაილაპარაკა თქვენს გვერდით მყოფმა:
“ვინც გადარჩა კარგი პენსია ექნება, ვინც არა…
ის ხალხი, კარგი საბაბია, სხვების წასაყვანად.”

<<და ბოლოს, ყველაფერი>>

არასწორია,
სიცოცხლე არასწორია,
როცა,
სწორი სინამდვილე,
არასდროს უკავშირდება,
თუნდაც არასწორ ბედნიერებას…..