Jerald Newman

Archive for February, 2011|Monthly archive page

ჯერალდ ნიუმანი – ორი

In Uncategorized on February 17, 2011 at 10:58 pm

პარალელური ადამიანები,
კვეთენ ერთმანეთს,
სიყვარული ეძებს ათვლის წერტილს
და პოულობს იქ,
სადაც შევხვდით ჩვენ.

 

მარტო დარჩენილი მეოცნებე ბავშვები

გამხმარი ზურგებით ეყრდნობიან

ყავისფერი ოთახის კედლებს,

შპალერზე დახატული მონოგამი არსება,
უდავოა იმ წარსულისთვის,

რომელიც “იყო.”

 

კარში დარჩენილი ჭრელი კაბა
თვალებს ურევს ცეცხლზე მიშტერებულ ქმნილებებს,
სინამდვილის კიდევ ერთი ცრემლი
წვეთად ვარდება მუხის იატაკზე.

დიდი შავი ლაქა, –
საჩუქრად გატარებული ცხოვრებისთვის,
ბედნიერების საზომი,-
თვითრეალიზების საშუალება ორს შორის.

აგონიის მსგავსი ბოდვა –
ყველა ჯერზე უფრო სასურველი,
სტოპ-კადრი:  ავადმყოფის სარეცელთან

გამხელილი მრუშობა…

დროით ათვლილი უსივრცობა,
ბგერით გადმოცემული გრძნობა,
ზოგჯერ ტკივილი,
უფრო მეტად სითბო, –
მოვლილი ისე, როგორც სინჯარის ბავშვი.

ფანჯრიდან დახურული ჰორიზონტი,
ასფალტზე დაცემული ერთმარკიანი მონეტა,
მათხოვრის გაწვდილი ხელი და
აივნიდან მოწანწკარე ცივი წყალი
მოხუცის ჭაღარა თმაზე.

მტვრიანი ჭიქა, აუდუღებლად მოტანილი ყავა,
ლაპარაკი სხვებზე,
სიმართლე ფრაგმენტებად, –
მხოლოდ სექსის დროს,
ბუნებრივად შეკავებული ცრემლი.

ბუნდოვანი წარმოდგენა მომავალზე,
დავიწყებული წარსული,
ცხოვრება სიზმრებში,
ყავისფერ ოთახში დარჩენილი მეოცნებე ბავშვები.

მინდა იცოდე, იფიქრო, შეხედო კარში დაერჩენილ ჭრელ კაბას,
კედელზე გადასულ ხერხემლის მალებს,
და დაივიწყო,
პარალელური ადამიანები, არასდროს კვეთენ ერთმანეთს

ჯერალდ ნიუმანი -ნათლობა და მატარებელი

In Uncategorized on February 16, 2011 at 5:58 pm

განათდი,
რა ჰიპოთეტურად ჟღერს საუბრები სიკვდილზე,
დაგვიანებულია ფიქრი, დიდი ხანია იყივლა მამალმა,
არჩევანი, რომელიც გაკეთებულია, იორდანედ აქცევს რუბიკონს,
ნათლობა, დასასრულის და დიდი ცხოვრების დასაწყისი,
სიზმრისეულ ბრძოლებს კიდევ უფრო საშიშს ხდის,
ეკლესიის კართან შემჩნეული სატანის ლანდი,
სიბერემდე დაჰყვება მტირალ ჩვილ ბავშვს და არ მოასვენებს მანამდე,
სანამ ბოლო ამოსუნთქვით არ დაუბრუნდება იმ დღეს,
როდესაც პირველად შეხედა ადამმა ევას.

ბურუსი,
ვარდისფერი თვითმფრინავები ბავშვობის ოცნებებიდან,
ჟანგიან ქაღალდის ნავებს ემსგავსებიან,
გაუცნობიერებელი გრძნობები ოცდაათი წლის ასაკში,
ჩაიდნიდან გადმოსული ცივი წყალი და აპელირება ფასეულობებზე,
ისეთივე აბსურდულია,
როგორიც ქალის მკერდი, ნაძალადევი სქესობრივი აქტის შემდგომ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ჩნდება, როცა რელსებზე მდგარ მოხუცს,
ჩუმად მიეპარება შავი მატარებელი.

გზა,
ნატრიუმით გაჯერებული ფერადი ბურთები მიდიან მაღლა,
თითოეულში ოცნებებად არეკლილი თვალები,
უყურებენ დარჩენილებს, თითქოს ევედრებიან,
არ დაიჯერონ, ის რაც ეგონათ მაშინ და ეგონებათ მერეც,
(ან)
გადაწყვიტონ რამდენის გადახდას შეძლებენ იუდასთვის,
ისტორიის შესაცვლელად, ან ვის დააბრალებენ პირამიდებში დარჩენილი,
მუმიების გაპატიოსნებას, როცა ყველაფერი ისედაც ნათელია:
ერთი დიდი ტყუილია ადამიანის ცხოვრება,
და ის იქნება ბედნიერი,ვინც ყველაზე მეტად გაისულელებს თავს

ჯერალდ ნიუმანი – მომავალი, რომელიც უკვე აქ არის

In Uncategorized on February 16, 2011 at 5:54 pm

მე ვუყურებ საგზაო ნიშნებს,
ისინი თითქოს გამირბიან,
ცაში ვემალები ღრუბლებს,
ღამის უძილო ბედნიერებას ვპოულობ სიზმარში.

მე ვაკვირდები ეფემერულ აწმყოს,
არაფრით ჰგავს წარსულს, ან მომავალს,
ის ჩემია და ჩემთან არის,
როგორც ბავშვობის სათამაშო,
უკვე აღარ აქვს ცისფერი თვალები.

მე ვეძახი გაბნეულ მეგობრებს,
ვარდისფერი კაბები,
დიდი ხანია აღარ ითვლება მოდურად,
რაზმის მეთაურებმა რამდენჯერმე გადაკვეთეს ჩვენი გზა,
ისინი აშენებდნენ პროლეტარიატს.

მე ვიხსნი პიონერის წითელ ყელსაბამს,
სისხლის სუნი აქვს დაძონძილ ნაჭერს,
ვაგდებ და ვიშორებ, საშინელ სენს,
უკურნებელია, როგორც იუდას გული,
პირველი ზიარების შემდგომ..

მე ვეძახი ჩემს შვილებს,
“თქვენ არ იცით ჩემი ფასი”,
გაძარცვული უგულო და მიტოვებული,
მაინც ვახერხებ ვიფიქრო მათზე,
ვლოცულობ და მესმის პასუხი,
“შენ იქნები ჩემთან.”
ლოდინი,
წარმოუდგენელია იმედის გარეშე…

1,2,3,4 და…

მე მეშინია,
ხვალ მომენატრება დღევანდელი დღე,
უბედურების სუნი დეკემბერში ისევე მაწუხებს,
როგორც მკვდარი ვირთხის ლეში, ქვიშის პლაჟზე.
ხვალ, ვიცი რა მოხდება ხვალ:
არასწორი გზით მატარებენ საგზაო ნიშნები,
დამივიწყებენ მეგობრები, მეც დავივიწყებ მათ,
რაზმის მეთაურები ძალით გაგვიკეთებენ ყელსაბამებს,
მერე რა, თუ სხვა ფერი იქნება,
ჩემი შვილები…
მე წავალ ღმერთთან…

“მონა, რომელსაც არ სურს თავისუფლება, ორჯერ მონობის ღირსია”

ჯერალდ ნიუმანი – ۞۞۞۞۞۞۞

In Uncategorized on February 1, 2011 at 12:05 am

ის მოკვდა,
წარსულში დაბადებული დღე,
წავიდა…
ვუყურებ,
მაგიდაზე დარჩენილ ჭიქა წყალს,
გამჭვირვალე სხეულში შვიდი ფერი,
ნაწილ-ნაწილ იშლება სიბნელის მაგიაში…
სიჩუმე,
მიზიდავს ფანჯრიდან შემოპარული მთვარე,
იასამნისფერი კედელი და ოთახი,
სადაც არაფერია ნამდვილი,
გარდა ჩემი ჩრდილისა…

სუნთქვა,
სიფერმკრთალის შეგრძნება,
საათის ისრებთან ერთად,
უკვე მერამდენედ,
საშინლად მაბეზრებს თავს…
მე მივდივარ,
ვიცოცხლებ სიკვდილამდე
და შემდეგაც,
სანამ მარადიულობა,
უნებლიედ დაიკარგება ჩემში,
უბრალო, არეულ ფიქრებად.