Jerald Newman

სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში

In Uncategorized on November 15, 2012 at 10:03 pm

ლაშა მარკოზაშვილი

საზოგადოებრივი ურთიერთობები, დამოკიდებულებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის, პროფესიული კავშირები, მოქალაქეობრივი თანამშრომლობა, ქვეყნის სტაბილურობისა და მოდერნიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, თუმცა ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას გარკვეული დამოკიდებულებების იერარქია, რომლის სათავეშიც ხშირ შემთხვევაში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები მოექცევა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.
თუმცა, იმისათვის რომ გავაანალიზოთ სამხედრო სამოქალაქო-ურთიერთობების რამდენიმე ასპექტი, ბუნებრივია, დაგვჭირდება განვსაზღვროთ ის სივრცე, რომელშიც აღნიშნული კავშირები ხორციელდება, ასევე თითოეული ობიექტის, როგორც სისტემის შემადგენელი ნაწილის როლი თავად ამ სისტემის ფუნქციონირებაში.
თუ პოლიტიკურ სისტემას განვიხილავთ როგორც „მიწოდების“ – „გამოშვებად“
(input-output) “გარდამქნელ” მანქანას, აღნიშნული მანქანის მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების შემთხვევაში სამხედრო სექტორს გამოიყენებს როგორც ხელსაწყოს მოქალაქეებისაგან დადებითი „უკუკავშირის“ (feedback) მისაღებად1. ერთი შეხედვით მარტივი, ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელი მექანიზმი, დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან ყოველთვის არის საფრთხე იმისა, რომ output-ი არ აღმოჩნდება ის, რასაც
ჩივილებისა თუ საჭიროებების მიწოდების შემდეგ, საზოგადოება ელოდა. რა არის input -ის არასწორი გარდაქმნის (conversion) მიზეზი? ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა, ზოგჯერ სცილდება სისტემის ფარგლებს და გარკვეული ჯგუფების პირადი ინტერესების განხორციელების ბერკეტი ხდება, საკუთარი ინტერესების გატარება კი, ისეთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტიტუტის გარეშე, როგორიც არმიაა, წარმოუდგენელია, როგორც ჰაროლდ ლასველი აღნიშნავს: “ომის შიში შეიძლება გახდეს მიზეზი სამხედროთა
და პოლიციის გავლენის ზრდისა და ე.წ გარნიზონ-სახელმწიფოს წარმოშობისა.2


“ ამ დროს ხდება „მოქალაქეების მილიტარიზება და სამხედროთა პოლიტიზირება,“3   „უსაფრთხოებისათვის მოწოდებული ინსტიტუტები, შესაძლოა თავად იქნენ აღქმული საფრთხედ.“4

რაც თავისთავად აისახება feedback-ში, ანუ, ხელისუფლება დაკარგავს
ლეგიტიმაციას, შესაბამისად მცირეა იმის შანსი რომ სტაბილურობა, თუნდაც სასტიკი კონტროლის მექანიზმების პირობებში, დიდი ხნით შენარჩუნდეს.
არმიას, როგორც ინსტიტუტს, საკუთარი ინტერესები გააჩნია, ეს ბუნებრივია. თუ სამოქალაქო კონტროლის სისტემა სამხედრო სეგმენტზე, არ იწვევს არანაირ უკმაყოფილებას სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის, არმიის ინტერესები და ეროვნულ-პოლიტიკური სტრატეგია, სრულ თანხვედაშია ერთმანეთთან, მაგრამ თუ „სამხედროს, როგორც ბიუროკრატიულ ინსტიტუტს, რაიმე დაემუქრა, იგი აუცილებლად ჩაერევა პოლიტიკაში.”5

„სამხედროს შეიძლია დაანგრიოს სახელმწიფო აპარატი, და გაანადგუროს საკუთარი სტრუქტურაც კი, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება“6– აღნიშნავს ჰენრი ბიენენი.
სამხედრო სექტორის მმართველობის სტრუქტურებთან დისტანცირება, ჯერ კიდევ სუნ ძის ნააზრევში შეიძლება ამოვიკითხოთ, თანამედროვე მკვლევარებიც მართალია, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მაინც ეხებიან ამ თემას. 1953 წლის როკფელერის კომიტეტის მუშაობა, რომლის მიზანი, აშშ-ს თავდაცვის სისტემის ორგანიზება და „მაქსიმუმი უსაფრთხოების, მინიმალურ ფასად მიღება“ იყო აქვეყნებს შემდეგ დასკვნას: „მიზანი უნდა იქნას მიღწეული, ჩვენი თავისუფალი ინსტიტუტების, ჩვენი ფუნდამენტური სამოქალაქო მართვის პრინციპების შენარჩუნებითა და დაცვით სრული გასამხედროვებისგან.“7


მოცემული ფაქტი ცხადჰყოფს რომ ამერიკის თავდაცვის სისტემას შეეძლო „გადაეტანა“ სამხედრო სექტორში უფორმო მოქალაქეების დიდი რაოდენობით შეჭრა, თუმცა რამდენად შეეგუებოდა, სხვა, ნაკლებად მოდერნული არმია გარე ძალების ასეთ ჩარევას რთული სათქმელია.
სემუელ ჰანტინგტონის მოსაზრება, არმიის სრულ დისტანცირებაზე ჰიპოთეტურ დონეზე მართლაც შეიძლება განხორციელდეს, იდეალურად მოქმედ სისტემაში, სადაც უკვე არის მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის ჯარისკაცებს გაცნობიერებული აქვთ ის ღირებულებები, რაზეც დგას მთლიანად საზოგადოება, ხოლო მათი პროფესიონალიზმის დონე შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც არმიის გამართული ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი, თუმცა არმიის სამოქალაქო
საქმეებში ჩარევა, მხოლოდ მისი, როგორც ინსტიტუტის გადასაწყვეტი ვერ იქნება, რადგან როგორც ფინერი აღნიშნავს:“ სამხედროს პოლიტიკაში ჩარევა, შეიძლება თავად ხელისუფლებამ უბრძანოს, ბრძანების შესრულება კი მისი ვალია.“8


აქვე შეიძლება დაისვას შეკითხვა, უნდა დაემორჩილოს თუ არა პროგრესულად მოაზროვნე გენერალიტეტი, კორუმპირებულ,ავტორიტარული და ცალსახად, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ ხელისუფლებას? როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში განისაზღვროს ჯარისკაცის პროფესიონალიზმი? უნდა დააყენოს თუ არა მთავარსარდლის (პოლიტიკური ფიგურის) პირადი ინტერესები, მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებზე წინ? აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხს ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს, თუმცა უკვე მომხდარი მოვლენების შედეგები უკეთ გაგვცემენ პასუხს: 1980-1983 წლებში თურქეთის სათავეში მოვიდა სამხედრო ხელისუფლება და დაასრულა ხანგრძლივი არეულობა, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ სექტორებში, რამდენიმე წლიანი მმართველობის შემდეგ „თურქეთის ინდუსტრიალისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“ (TUSIAD) თანამშრომლობის შედეგად აღნიშნული ორგანიზაცია შედგებოდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც აფინანსებდნენ სამხედრო ძალებს, ხოლო სანაცვლოდ იღებდნენ ეკონომიკური რეფორმების გატარების უფლებას.) მოხდა ეკონომიკის გადახალისება და სტაბილურობის მიღწევა, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიზაციის პროცესს ქვეყანაში,აღნიშნული მოქმედების წყალობით „თურქეთმა მიუსწრო გლობალიზაციის მატარებელს.“9

სრულიად საპირისპირო მაგალითი გვაქვს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ლიდერების ინტერესებს დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება შეეწირა. თავად განსაჯეთ როგორი იქნებოდა მსოფლიო, რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის „წმინდა სამება“: პარტია, არმია, სახელმწიფო.
10

მიუხედავად იმისა რომ, ჰანტინგტონის შეხედულება, არმიის პროფესიონალიზმისა, და მისი გაცალკევების შესახებ ცოტა „რომანტიკულია,“ შესაძლოა, არც იანოვიცის კონცეფცია (სამხედროთა დემოკრატიული განათლება) იყოს ცალსახა და დისკუსიის გარეშე მისაღები. როდესაც ვსაუბრობთ ჯარისკაცში დემოკრატიული ღირებულებების გაღვივებაზე,
უნდა გადავხედოდ იმ საზოგადოებას რომელსაც იგი ემსახურება, ბრუნდება იგი უქმეებზე ისეთ ოჯახში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები უნივერსალურ ფასეულობად მიაჩნიათ? არის მისი პროფესიონალიზმი იმ დონეზე, რომ სახელმწიფოს მიერ არჩეული მორალური კურსი, სამხედრო ეთიკას შეუსაბამოს? არის კი ყველა ფორმიანი სამხედრო? 4

ნიგერია, რომელიც ერთ დროს აფრიკის კონტინენტზე დემოკრატიზაციის პიონერად ითვლებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა გასამხედროებული შენაერთის ბრძოლის ველად იქცა, გარდა ტომობრივ-რელიგიური უთანხმოებისა, აშკარა იყო პირადი ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკური დაპირისპირება.
„სტაბილური, დემოკრატიული პროცესი შეუძლებელია, სანამ სამხედრო ძალები ცდილობენ არჩეული ლიდერების მოშორებას, აუცილებელია კანონმდებლობით შეიზღუდოს ჯარის უფლებები, მრავალპარტიულობა ვერ იქნება სამხედროებზე სამოქალაქო კონტროლის გარანტი.“ 11
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვაფიქრებს: ხომ არ ჯობია პირველ რიგში სამხედროს პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე ვიზრუნოთ, (რათა სამხედრო, მორალური პრინციპები, ვიწრო ინტერესებზე მაღლა დაყენოს) ხოლო შემდგომ, მივაწოდოთ ის ღირებულებები, რომელიც ხელს შეუწყობს მას, უკეთ გაიაზროს ის მოვალეობები, რომელიც საზოგადოების წინაშე აკისრია (კორპორატიული იდენტობა და პროფესიონალიზმი12), იპოვნოს საკუთარი ადგილი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში.
საზოგადოება რომ ჯარში (საუკეთესო გაგებით) დარაჯს, უსაფრთხოების დამცველსა და მშვიდობის გარანტს ხედავს გასაგებია, მაგრამ რას ითხოვს არმია სანაცვლოდ? რა არის მისთვის საზოგადოება? – „სამხედრო ელის სამოქალაქო მხარდაჭერას – იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც როგორც თავად, ფსიქოლოგიურად მიიჩნევს, – იგი იღებს საკუთარი მოქალაქეებისათვის, მხარდაჭერა კი, პირველ რიგში, მის საქმეებში ჩაურევლობით გამოიხატება.”
13- აღნიშნავს გრეგორი ფოსტერი თავის სტატიაში.
ჯარის დისტანცირება პოლიტიკური საკითხებიდან, რასაკვირველია, აუცილებელია, მაგრამ, პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის მუდმივი, ინფორმაციის გაცვლა, სხვადასხვა სამოქალაქო ინსტიტუტთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თანამედროვე საბრძოლო სისტემებში უკვე აქტიურად იყენებენ, ტრადიციული სამომხმარებლო მეცნიერების პროდუქტებს, შესაბამისად თანამედროვე არმიას უხდება არა მხოლოდ, მსოფლიოს
სამხედრო განვითარების ფერხულში ჩაბმა, არამედ სამომხმარებლო ინოვაციების მუდმივი შესწავლა, შემდგომი გამოყენებისათვის. შეიძლება კი სამხედრო ექიმის დისტანცირება, სამოქალაქო სამედიცინო საზოგადოებისგან?
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე მას-მედია, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისში პრესა და რადიო. ადოლფ ჰიტლერი „მაინ კამპფ“-ში გულისტკივილით ყვება, რამდენად განსხვავდებოდა სამოქალაქო აზრი არმიაზე, ბრიტანეთსა და გერმანიაში, რამდენად დიდი იყო მხარდაჭერა ინგლისელი ჯარისკაცებისადმი, სამშობლოში და რამდენად მწირი იყო გერმანული საზოგადოების ინფორმირებულობა I მსოფლიო ომის დროს.
შიდა არეულობასა და საზოგადოების მოუმზადებლობას აბრალებდა გერმანელთა წარუმატებლობას ფრიდრიხ ებერტი, რომელიც მიიჩნევდა რომ არმია სახლში დაუმარცხებლად დაბრუნდა. ჰიტლერი კი დასძენს: „რომ არა აგიტაცია, რომელიც სამხედროებს ზურგიდან ურტყამდა, ხალხი ბოლო წამამდე დაუდგებოდა საკუთარ არმიას გვერდში“.


შეერთებულ შტატებში სამოქალაქო სოლიდარობის მოძრაობების გაღვიძების საქმეში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მედიამ, ჯერ სამოციან წლებში, ხოლო ბოლოს ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი აკრიტიკებდა პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებებს და საკუთარ სამხედროებს მაქსიმალურად თანაუგრძნობდა საომარ ვითარებაში.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები შეიძლება კიდევ მრავალი კუთხით და
მრავალ დონესა თუ დისციპლინაში იქნას განხილული, მაგრამ ერთ სტატიაში შეუძლებელია, ალბათ, არც არის გამართლებული ყველა კუთხის გაანალიზება, ჰანტინგტონის, იანოვიცისა თუ სხვათა ნაშრომები, ვებერის იდეალური ტიპების გამოძახილი უფროა, ვიდრე პირდაპირი ფორმულა აღნიშნული ურთიერთობის რეგულაციისა, მოქალაქეებისა და ჯარსკაცების ურთიერთმიმართება, ყველა ქვეყნისა და კულტურისათვის ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ხოლო მიდგომების მოძიებისათვის აუცილებელია განხილული ნაშრომების ანალიზი, შემდგომი, სინთეზური დანერგვა პრაქტიკაში. ინფორმირებულობა დიდ წილად განაპირობებს სამხედროთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, უქმნის რა მოქალაქეებს სააზროვნო სივრცეს, ზოგადად თავდაცვაზე და არმიის უფლება-ვალდებულებებზე.
დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება გრძელვადიანი პროცესია, ხოლო სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები, როგორც უსაფრთხოების სისტემის ნაწილი ღირებულებათა სპექტრის შემადგენელი ნაწილი.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ. 21
2. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.28
3. Gene M. Lyons – “The New Civil-Military Relations”, American Political Science Review,
vol. 55, No. 1 (Mar. 1961) pp. 53-63.
4. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.28
5. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.55
6. Henry Bienen – “Civil-military Relations in the Third World”, International Political
Science Review/Revenue international de science politique, Vol. 2, No. 3, pp. 363 -370.
7. Gene M. Lyons – “The New Civil-Military Relations”, American Political Science Review,
vol. 55, No. 1 (Mar. 1961) pp. 53-63. p 53
8. დავით დარჩიაშვილი – „პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი“, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000, გვ.55
9. Ziya Oenis and Umut Turem – “Entrepreneurs, Democracy and Citizenship in Turkey,”
Comparative Politics, Vol. 34, No.4 pp. 439-456 p.443
10. Amos Perimutter and William M. LeoGrande – “The Party in Uniform: Toward a Theory of
Civil-Military Relations in Communist Political Systems,” The American Science Review.
Vol. 76, No. 4, pp. 778-789, p 778.
11. Jendayi Frazer – “Conceptualizing Civil-Military Relations during Democratic Transition,”
World Politics, Vol. 32, No. 4. pp. 553-576. p.39
12. Henry Bienen – “Civil-military Relations in the Third World”, International Political
Science Review/Revenue international de science politique, Vol. 2, No. 3, p. 367.
13. Gregory Foster – “Failed Expectations: The Crisis of Civil-Military relations in America,”
The Brookings Review, Vol. 15, No. 4 p. 47

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: