Jerald Newman

Archive for April, 2013|Monthly archive page

„გუგული ჩუქურთმიან კარიბჭესთან“ – ანუ, როგორ გავიგე გიო მაკაველის მოთხრობა

In Uncategorized on April 18, 2013 at 6:35 pm

 

 

მას შემდეგ რაც ადამიანებმა ბუნების წიაღს თავი დააღწიეს და შემეცნების უნარი, კულტურიზაციის პროცესს დაუკავშირეს, გაჩნდა თემები, რომლებიც ყვლასთვის საინტერესო, ამავდროულად შეუცნობელი და მნიშვნელოვანი გახდა…

ლიტერატურამ კაცობრიობის თემებად აზროვნება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, რჩება მუდმივი სიმართლე, აბსოლიტური სიკეთე, ბოროტება, გრძნობები თავისი ოპოზიტებით, სიკვდილი და სიცოცხლე, სიღარიბე და სიმდიდრე… იცვლება მხოლოდ გადმოცემის ხერხები, რაც უნიკალურად აქცევს, ყველა წიგნსა თუ მოთხრობას… განა არავის ჰქონდა დაწერილი რაინდობასა და სიკეთის დევნაზე, სერვანტესს რომ დონ კიხოტეთი თავი არ შეეწუხებინა?  როგორ არ ჰქონდა, მთელი ეპოქა იყო სარაინდო მოთხრობებისა, სწორედ ის არის მწერლის მთავარი ღირსება, გადაღეჭილ ამბებში, ჯერ კიდევ უცნობი წერტილი აღმოაჩინოს, წარმოიდგინოს და მკითხველს ისე მიაწოდოს, თან ფიქრის საშუალება მისცეს, თან დაანახვოს სათქმელი, რომლის გარეშეც მთლიანი ტექსტი აზრს დაკარგავს…

პოსტ-მოდერნიზმის მოსვლასთან ერთად თითქოს გადმოცემის ფორმებმაც ამოწურა ყველანაირი ლიმიტი… ხელოვნება ციტატიზმის გზას დაადგა, ხშირად ვნახავთ, სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამოღებული წინადადებით შექმნილ ახალ ტექსტს… ეს ყველაფერი ერთგვარი პესიმიზმის საფუძველსაც იძლევა, თუმცა ჯერ კიდევ არიან, ახალგაზრდა მწერლები, რომელთაც სათქმელიც ბევრი დარჩათ და არც ნაფიქრის მკითხველამდე მიტანა უჭირთ…

რამდენიმე დღის წინ, ხელში ჩამივარდა, გიო მაკაველის მოთხრობა „გუგული ჩუქურთმიან კარიბჭესთან,“ რასაკვირველია,  არ ვაპირებ მოგიყვეთ ტექსტის შინაარსი, რადგან თავად უნდა წაიკითხოთ, იმისთვის რომ ჩემს დასკვნებს დაეთანხმოთ, ან არ დაეთანხმოთ. ამ ესსეში მოგახსენებთ, ნაწერის დეკოდირების ჩემეულ ინტერპრეტაციას, დანარჩენი თქვენთვის მომინდია…

თხრობა ვითარდება მეოცე საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც გახლეჩილი ევროპა, შენებისა და იდეების დაპირისპირების ასპარეზად იყო ქცეული… ახალგაზრდული გამოსვლები, პიკეტები პრაღასა და ბერლინში, პარიზის ამბოხი… ეს ის დროა როცა ყველას საკუთარი აზრი ჰქონდა და ამ აზრის გამოსახატად არავინ არაფერს ერიდებოდა, დაწყებული ბაადერ – მაინჰოფის წითელი ტერორისტული ჯგუფიდან დამთავრებული ფრანგი ანარქისტებით…  მოკლედ, ყველანაირი პროცესი თუ აზრი, ზედმეტად გამუქებული იყო, არ არსებობდა შუალედები, იდეალიზმა გაიტაცა ბევრი პოსტ-მსოფლიო ომის ახალგაზრდა და მთლიანად განაპირობა მათი ცხოვრება…

როდესაც „გუგულის“ ტექსტს გაჰყვებით გაგიჩნდებათ უამრევი კითხვა, რომელებსაც უმალ უპასუხებს ავტორი… თხრობის მსგავსი ფორმა საოცრად აადვილებს კონტექსტის აღქმას და გიბიძგებთ დეტალებიდან ყურადღება  ძირითად იდეაზე გადაიტანოთ, – მთავარი შეტყობინება საოცრად ოსტატურად არის კოდირებული მოთხრობაში.

დავიწყოთ სულ თავიდან:

სათაური „გუგული ჩუქურთმიან კარიბჭესთან“ რამდენიმე ასოციაციას ერთდოულად აღძრავს…

გუგული, როგორც ფრინველი, თუ გუგული როგორც სიმბოლო? ან რატომ ჩუქურთმიანი კარიბჭე?

გუგულს როგორც ფრინველს, უცნაური ზნე ახასიათებს, კვერცს სხვა ფრინველების ბუდეში დებს… ადამიანურ ყოფაში, გუგული, როგორც სიმბოლო, ალბათ უოჯახო კოსმოპოლიტია, რომელიც მართალია თავის ნაყოფს ამრავლებს, მაგრამ შემდგომ საზოგადოების ამარა ტოვებს, თავად კი განაგრძობს ჩვეულ ყოფას.

ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი, პროფესორი დე-ვეგა ავტორიტეტული პიროვნებაა, მას არასდროს ჰქონია კერა, მაგრამ თავისი პროფესიის წყალობით, მრავალი ახალგაზრდა დაუყენებია გზაზე… „სიყვარული დროებითი სიგიჟეა, რომელსაც დაოჯახება კურნავს“ (ამბროს ბირსი) – მართალია, არასდროს უფიქრია ოჯახზე, როგორც ბედნიერების გამსაზღრელზე, მაგრამ თხრობის გარკვეულ ეტაპებზე, ხან საკუთარ ფიქრებში, ზოგჯერ სხვა გმირების პირით, თითქოს ეჭვდება თავისი პიროვნული ნორმების უტყუარობაში…

„მე ვიცი, ლუი მეცხრემ რომ სორბონი შეუკვეთა, მას არ ეგონა რომ ის დღემდე იარსებებდა,“ – წამოიყვირებს ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი…

განა რამე ასახავს უფრო უკეთ უნივერსიტეტის სიძველესა, წარმომავლობას, ვიდრე სამეფო ჩუქურთმებით მორთული კარიბჭე?

ამგვარად, ერთი ინტერპრეტაციით, „გუგული ჩუქურთმიან კარიბჭესთან,“ შესაძლოა პროფესორი დე-ვეგა იყოს…

თუმცა, გუგულს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე ეს ერთი ადამიანია…  გუგული საათიდან, რომელიც განუწყვეტლივ ახსენებს გმირებს, რომ დრო გადის, რომ სრულდება ციკლი ერთიდან სამოცამდე…

უცნაურად არის დრო განაწილებული მოთხრობაში, განუწყვეტლივ ვმოგზაურობთ, წარსულსა და აწმყოში, ვვარაუდობთ მომავალს… ეს ყველაფერი, საოცარ, მისტიკურ იერს სძენს ტექსტს, მთელი თხრობის დროს ავტორი რამდენჯერმე აჩენს ახალ გმირს, ისე რომ გაიფიქრებთ: აი, ეს არის პერსონაჟი რომელიც ბოლომდე გაჰყვება მოთხრობას… მაგრამ რამდენჯერაც ამას იფიქრებთ, იმდენჯერ შეცდებით, იმიტომ რომ მთელი ტექსტის ძირითადი ფაბულა იმ ეფემერულობაზეა აგებული, რითაც მუდამ იტანჯება კაცობრიობა…

ავტორს ძალიან მძაფრად აქვს გადმოცემული ძირითადი ადამიანური გრძნობები, ტკივილი, სიყვარული, სიკვდილით გამოწვეული ტრაგედია, მარტოობა, ეჭვი…

გმირები გადიან გზას ჰიპოთეტური პიროვნების ძიებაში, რომელიც ზეციური ხილვასავით ჩნდება ტექსტში… ეს პიროვნება იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მეცნიერი დე-ვეგა, რომლისთვისაც პრაგმატიზმი და დათვლადი ერთეულები ცხოვრების კრედოა, მთელი არსებით ერთვება იმ პროცესში, რომელიც არავინ იცის საით მიდის…

„ჩვენ ვერასდროს დავგეგმავთ მომავალს წარსულით“ – ამბობდა ედმუნდ ბურკე, მაგრამ წარსულის იდეებით მომავლისკენ სწრაფვა კი ნამდვილად შეიძლება,  – ეს ცხადად ჩანს ნაწარმოების გმირების თავგადასავალში…

მოთხრობის მეორე ნაწილში, ჩნდება ორი მეტად საინტერესო პერსონაჟი, ფსიქიატრი და თეოლოგი… ფსიქიატრის მოვალეობაა ადამიანის სულიერი პრობლემების შესწავლა და დახმარება. ხოლო თეოლოგი იკვლევს  რა არის სული, რატომ ავადდება, ვინ აძლევს ადამიანს ცნობიერს და რატომ არის ის ასე შორს…

„იმდენი არ ქნათ, რომ ისე ღრმად შეუსახლოთ ადამიანს ღმერთი, რომ მერე უბრალო ნათესავი, ან ახლობელი ეგონოს და არარად აქციოს… ის კი არ უნდა გააცნოთ, არამედ მხოლოდ დაანახოთ, აყურებინოთ დიდხანს… რწმენას ვერ დაბადებთ თქვენ… რამდენი გიჟი დადის ქალაქში… ყველა უნდა დავიჭიროთ, შევკრათ და გისოსებს იქით მოვათავსოთ და ძალისძალად შევუქმნათ იდილია?“ –  ეკითხება ფსიქიატრი თეოლოგს…

ბოლოს ორივე თანხმდება რომ უღმერთო ყოფისასაც კი არ შეიძლება რწმენის დაძალება, რომ ჯობია ორი სხვადასხვა მრწამსის ადამიანმა ერთად მიიღოს  დაშორების გადაწყვეტილება, ვიდრე მუდმივ ქიშპობასა და დაპირისპირებაში შეურაცხჰყოს ყველა ის ღირებულება, რომლებიც ძვირფასია მათთვის..

კარლ იუნგი იძახდა: „ყველა სახის დამოკიდებულება ცუდია, არის ეს ნარკოტიკი, ალკოჰოლი, მორფი თუ იდეალიზმი.“  გუგულის ავტორიც იზიარებს ამ აზრს და ხაზს უსვამს რაციონალური განსჯის აუცილებლობას… ვერც ერთი საზოგადოება ვერ განვითარდება ბრძანებების რობოტული მორჩილებით…

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც დიალოგების სახით არის დასმული, ახალგაზრდების ტრადიციებთან, ან მშობლებთან დამოკიდებულებაა;  ხაზგასმულია უფროსი თაობების როლი, უპასუხონ პროტესტანტ სტუდენტებს, ისე რომ მათში ზიზღის ნაცვლად დიალოგის სურვილი გააჩინონ… მართალია მოძრაობის და ცვლილებების გარეშე არ არსებობს პროგრესი, მაგრამ ვერც კლდიდან გადავარდება ბრმა ცხვარი თუ წინ არ წავიდა…

„გუგული ჩუქურთმიან კარიბჭესთან“ 55 გვერდზე დაეტია, მაგრამ განსახილველად ალბათ ხუთი ამდენიც არ გვეყოფა, ამიტომ ესსეს დასკვნით ნაწილში, ვეცდები გადმოგცეთ, ის ძირითადი იდეა, რომელიც კითხვისას ჩავინიშნე:

„ომის საშინელება, დაუძლეველი ტკივილი, მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი, ამდენივე შეპყრობილი შურისძიების და სამართლიანობის აღდგენის სურვილით, ძიება სიმართლისა, რომელიც ზოგჯერ სულაც არ არის ისეთი, როგორადაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანები გვიხატავენ… ახალი ამბის გაგება, შეცნობა და სწრაფვა გამარჯვებისკენ, იმიტომ რომ სიტყვები მოქმედების გარეშე, კლავს იდეას… თავის გაწირვა სხვებისთვის, ჩირაღდნის გადაცემა, ან გამორთმევა უცნობი ადამიანისთვის, რომელიც წამის წინ სულ არავინ იყო ჩვენთვის… უკან დატოვებული მშობელი, კრძალვა აღმზრდელისადმი და წერილი,  რომელსაც მხოლოდ იმიტომ წერ რომ არ იდარდონ… დანაშაულის განაწილება, სინდისის ქეჯნა ყველას გამო, ნისლში გაფანტული აზრები, რომელებიც იცი რომ მართალი, მაგრამ ამაოა…. სურვილი გააგებინო ყველას რომ არ ხარ გიჟი და შენს უკან სარეცელზე მწოლს, ბოლო სიტყვებით ვაჟკაცურად გაუნათებ გზას, არ იცი მოგიგონებს თუ არა, არც ის იცი, რას იფიქრებს, მაგრამ არსებობს მიზანი, რომელიც ყველასთვის საერთოა, მხოლოდ გზა გვაქვს სხვადასხვა… მამის მოგონება… თუნდაც ჰალუცინაციურად, ვგრძნობთ რომ ზრუნავს მოხუცი ჩვენზე: „ფრთხილად“ გვიმეორებს, გვესმის მაგრამ მაინც ვფეთქდებით, არავის ვუჯერებთ როცა მატარებელი ჩვენი ცხოვრების მიზნით არის დატვირთული… და ბოლოს… არავინ იცის, სად არის ბედნიერება, დახურულ წრეში, თუ ღია უფსკრულში.“

ამ ყველაფერს წაიკითხავთ, გიო მაკაველის მოთხრობაში, იმედი მაქვს ჩემგან განსხვავებული, ბევრი აზრი გაგიჩნდებათ…

 

ჯერალდ ნიუმანი

4/18/2013

Music- Earth

In Uncategorized on April 15, 2013 at 3:32 am

Music- Earth

Sometimes Music matters a lot…