Jerald Newman

Archive for May, 2013|Monthly archive page

ლიბერტიის საპრეზიდენტო არჩევნები, საკანდიდატო მიმართვები და დებატები I

In Uncategorized on May 19, 2013 at 10:41 pm

ლიბერტიის საპრეზიდენტო არჩევნები, საკანდიდატო მიმართვები და დებატები I

ირონი სკურპულსონი – „პრაგმატისტული პარტია“ მიმართვა ამომრჩეველს:

ძვირფასო ლიბერტიელებო,

დღეს, ამ მშვენიერ საღამოს, არ ვაპირებ თავი შეგაწყინოთ პათეტიკური ტექსტების ციტირებით რელიგიური გამოცემებიდან, არც ჩვენი წარსულის, ან წინაპრების ისტორიის შესახებ უქმი მეტყველებით ვეცდები თქვენი ყურადღების ჩემკენ მომართვას. მე არ ვარ პიროვნება, რომელიც სხვის დამსახურებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ამასთანავე უღირსობად მიმაჩნია გამუდმებით სხვის შეცდომებზე აპელირება, მაშინ როდესაც კამათში, მნიშვნელოვან დროს ვკარგავთ.
იცით, მე როგორც მეცნიერი, არ ვაპირებდი პოლიტიკაში მონაწილეობას. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ გარემო აუცილებლობანი მაიძულებდნენ მებრძოლა იმ სკამისთვის, რომელიც გარეგნულადაც კი არ მომწონს.
ჩვენ, ყველა ამ დოღში ჩართული ადამიანი, სკამისთვის ვიბრძვით, იმ სკამისთვის რომელიც ძალაუფლებას, საყოველთაო აღიარებასა და უკეთეს ხელფასს მოგვიტანს. ნუ იჩქარებთ ჩემს გაკრიტიკებას იმის გამო რომ გულახდილად ვაცხადებ იმას, რასაც სხვები იდეალისტურ მანტიაში მოსავენ.
ყველა დადის სამსახურში, ზოგი კეთილ საქმეს ემსახურება, ზოგი ცუდს, ზოგი რაღაცას აფუჭებს, ზოგი სხვების გაფუჭებულის გამოსწორებას ცდილობს.
ექიმები პაციენტებს კურნავენ, ზოგჯერ გმირობას ჩადიან, არის შემთხვევები, როდესაც მათი შეცდომები, ავადმყოფს საფლავისკენ მიაცილებენ. ისინი მუშაობენ, თავის საქმეში გასამრჯელოს იღებენ და ცხოვრობენ ისე, როგორც ყველა დანარჩენი ლიბერტიის მოქალაქე. თქვენ მკითხავთ, რომელი მედიკოსია ყველაზე კარგი?
ამის დადგენის რამდენიმე საშუალება არსებობს, პირველი, უნდა შევისწავლოთ ექიმის პროფესიული ისტორია და ვნახოთ რამდენად ეფექტურად უმკურნალა ავადმყოფებს. მეორე, საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ ექიმის მკურნალობის შედეგი, თუ კარგად გავხდებით, არამგონია ჩვენს ექიმზე უკეთესი სხვა ვინმე გვეგონოს.
ეს ყველაფერი ფაქტებია, მაგრამ რა არის ის ძირითადი თვისება, რაც კარგ ექიმს უნდა ჰქონდეს? რა არის ექიმის პროფესიონალიზმის პირველი ნიშანი? თუ ჩავთვლით რომ ლიბერტიის ყველა სავადმყოფოს ექიმი ტექნიკურად სრულყოფილია, მაშინ ის იქნება ყველაზე აღმატებული, რომელსაც სრულიად აქვს დაკარგული, პაციენტებისადმი ადამიანური დამოკიდებულების შეგრძნება.
ვეცდები აგიხსნათ რას ვგულისხმობ: რატომ არის რომ ქირურგები ერიდებიან ნათესავების, ახლობლების, ოჯახის წევრების გაკვეთას? იმიტომ რომ ღელვის ფაქტორი არ იძლევა პროფესიონალური შესაძლებლობების სრულყოფილად გამოყენების საშუალებას. ასევე უნდა იყოს ყველა სხვა შემთხვევაში, ექიმის ვალდებულებაა მოახდინოს პაციენტის დეჰუმანიზება, სიბრალული, შიში, ან სხვა რაიმე გრძნობა, ხელს უშლის მას საღად განსაჯოს კონკრეტული სიტუაცია.
პაციენტი არის საქმე, ხოლო ექიმი დაქირავებული პირი, რომელმაც საქმე თავის სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს.
რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? პრეზიდენტი ექიმივით არის. არსებობს პრობლემები რომლებიც უნდა გადაწყდეს, ამისთვის ქვეყანას სჭირდება ერთი ადამიანი, შესაბამისი უნარებით, რომელიც ცივი გულით მიუდგება ნებისმიერ საკითხს და გადაწყვეტს, ისე, როგორც ამას ამომრჩეველს დაპირდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავადვე მოუხდება მხარდარჭერებთან დაპირისპირება მტკივნეული რეფორმების დროს.
შორს რომ არ წავიდეთ, ცხვირწინ გვაქვს სურათი იმისა, თუ როგორ ჩავარდა ჩვენი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გეგმები, მხოლოდ იმის გამო რომ ვერ ნახა ძალა საკუთარ თავში, ტკივილი მიეყენებინა მოქალაქეებისთვის.
როცა 5 წლის წინ მის საპრეზიდენტო პროგრამას ვუსმენდი, აღფრთოვანებული ვიყავი იმ ნაბიჯებით, რომლის გადადგმასაც აპირებდა. ალბათ გახსოვთ, არაერთხელ გამოვხატე მისდამი ღია მხარდაჭერა, მაგრამ რა მოხდა?
იმისათვის რომ პრიორიტეტული დარგები განევითარებინა და ის დაპირებები შეესრულებინა, რაც ამომრჩეველს მისცა, ბატონ გუდიარს მოუხდა სოფლის მეურნეობის გარკვეული ნაწილისათვის სუფსიდირების შეჩერება, ბუნებრივია, ამ ნაბიჯმა, სექტორში დასაქმებული ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, გვახსოვს დემონსტრაციები, ოპოზიციური პარტიების გაშმაგებული შეძახილები, არასამთავრობო სექტორის სრული მობილიზაცია. იმის ნაცვლად რომ პრეზიდენტს თავისი კურსი გაეგრძელებინა, უარი თქვა აგრარული სექტორის ინდუსტრიალიზაციაზე, დააბრუნა სუბსიდირების პროგრამა და შედეგად, ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა. სტატიკური ძალაუფლება ამჯობინა, პროგრესსა და განვითარებას.
ახლა თავად ის ხალხი, რომელიც სოფლის მეურნეობის სუბსიდირების მხარდასაჭერ მიტინგებზე იდგა, ბატონ გუდიარს, სათითაოდ უკითხავს ყველა იმ პუნქტს, რომელსაც მოქალაქეებს დაჰპირდა და არ შეასრულა, აღარავის ახსოვს, ხალხის ნებაზე გაცვლილი, რეფორმების პოლიტიკა, იმიტომ რომ შეკვეთაზე პასუხისმგებელი დამკვეთი კი არ არის, დაქირავებულია.
პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, აღებული არჩევნების წინ, ყველა შემდგომ მოთხოვნაზე მაღლა უნდა დააყენოს, მხოლოდ მაშინ იქნება, „პოლიტიკურად სპეტაკი.“
ძვირფასო ლიბერტიელებო, მინდა იცოდეთ, პოლიტიკოსი სიკეთის საზომებით არ იზომება, მენეჯერს შედეგებით აფასებენ. ნუ მომცემთ ხმას თუ ჩემში ქადაგად დავარდნილ ბერს, ან იდეალებით გაჟღენთილ ფილოსოფოსს ხედავთ. ნუ დამელაპარაკებით ღირებულებებზე, თქვენ ხომ არასდროს ეკითხებით სახარების განმარტებას ავტომანქანის მექანიკოსებს.
თუ მაინც მომცემთ ხმას და ამირჩევთ, ნუ გექნებათ იმედი, რომ ოდესმე, რაოდენ ხალხმრავალიც არ უნდა იყოს აქცია, ვინმეს ნების გამო, წინდაწინ დასახულ ამოცანებს შევცვლი. როდესაც ბიულეტენს საარჩევნო ყუთში მოათავსებთ იცოდეთ, თქვენ უკვე შეუთანხმდით კანდიდატს იმ პუნქტებზე, რომელიც შემოგთავაზათ, თუ უუნარო აღმოჩნდება და მცდელობის მიუხედავად ვერ შეასრულებს საარჩევნო კონტრაქტს, გადაირჩიეთ. თუ შეგნებულად არ შეასრულა, ყურებით გამოიყვანეთ სასახლიდან და აიძულეთ დანიშნოს ხელახალი არჩევნები. ძლიერი საზოგადოება, ყოველთვის ბოლომდე ასრულებს შეთანხმების პუნქტებს.
დასაწყისში გითხარით, რომ სკამი რომლისთვისაც ვიბრძვი დიდად არ მომწონს, თან თითქოს საკუთარ თავს შევეწინააღმდეგე, როდესაც დავამატე, რომ პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა, სკამებისთვის, ძალაუფლებისა და ფულისთვის ბრძოლა. რატომ ვარ აქ?
ჩემი მიზანი სრულიად ეგოისტურია და არანაკლებ მერკანტილური, ვიდრე ხელფასის დანამატის თვლა იქნებოდა საპრეზიდენტო სავარძელში. მე მინდა ჩემი სამეცნიერო ჰიპოთეზები, რომელიც სახელმწიფოს მართვას შეეხება, პრაკტიკულ მექანიზმად ვაქციო და ვანახო ყველას, რომ იდეალური მოდელის არსებობის პირობებში, პრეზიდენტს მხოლოდ მექანიზმის დაქოქვა ევალება.
მე კარგად ვიცი რა გჭირდებათ თქვენ, იმასაც ვხვდები, რომ ბევრ თქვენგანს არასდროს უფიქრია იმაზე, რა დასჭირდება უახლოეს მომავალში. ჩვენმა დემოკრატიულმა ქვეყანამ დიდი გზა გავვლო; თქვენ, ლიბერტიის მოქალაქეებმა, კარგად იცით, რა არის დემოკრატიის მთავარი ღირსება: გამოგლიჯო ახალ მთავრობას იმაზე მეტი, რაც წინამ მოგცა, ან აიძულო ძველს გაზარდოს სარგებელი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამავე მიდგომიდან ცხადია, რომ ერთი კარგი პარტიის არსებობას, სჯობია თანაბარი ძალის ბევრი ცუდი პარტიის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. ერთ ადგილას მდგომი წყალი ლპება, ასევე ხუნდება კარგი პარტიის დროშის ფერები, თუ მედროშეებს პოლიტიკური ოპონენტების სუნთქვა არ ესმით.
მე მინდა მიდგომა შეიცვალოს; პოლიტიკურ მუშაკებს კლერკებად ვაქცევ, საარჩევნი დოღი კი ვაკანსიითვის შეკრებილი მენეჯერების შეჯიბრი იქნება. ყველა იმუშავებს საკუთარი კარიერული წინსვლისთვის, აღარ იქნება ხალხის მოტყუების აუცილებლობა, ერთადერთი ღირებულება იქნება საქმე, ხოლო დაპირებები, – ხალხის პრობლემებს უპასუხებს. მარგინალად იქცევა ყველა, ვინც ცდილობს სიყალბეში აცხოვროს ლიბერტიის მოქალაქეები.
ნუ დაუჯერებთ იმათ, ვინც იძახის რომ ისტორია აწმყოზე ძვირფასია, ვინც ამბობს რომ წინაპრები ჩვენზე კარგები იყვნენ, ვინც იძახის რომ ხალხს სულიერი გადარჩენა სჭირდება… მე გეუბნებით, თუ ცოცხლები ვართ, ჩვენ შეგვიძლია გაცილებით მეტი გავაკეთოთ იმაზე, რაც მამებმა დაგვიტოვეს.
პოლიტიკოსებო! ნუ ვასწავლით ხალხს ცხოვრებას, მივცეთ საშუალება იცხოვრონ.